"ოცნება" ადამიანების თავისუფლებით ვაჭრობს - ცოტნე კობერიძე

26.01.25 13:22
"ოცნება" ადამიანების თავისუფლებით ვაჭრობს - ცოტნე კობერიძე

 

"ოცნება" ადამიანების თავისუფლებით ვაჭრობს, - ასე აფასებს კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი ცოტნე კობერიძე მიხეილ ყაველაშვილის მიერ 613 პირის შეწყალებას. მისი თქმით, არალეგიტიმურ ხელისუფლებას ხალხი მძევლად ჰყავს აყვანილი, რათა შემდეგ მათი თავისუფლებით ივაჭროს და საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოს.

მთავარი პრობლემაა, როცა ხელისუფლება ადამიანის სიცოცხლით და თავისუფლებით ვაჭრობს, თითქოს მონები იყვნენ ადამიანები. ჯერ იჭერს მათ და შემდეგ არჩევნების წინ ურიგდება, რომ გამოუშვან და მძევლად ჰყავს ხალხი. მძევლად აყვანის პრაქტიკაა ჩვენთან სამართალსისტემა. ადამიანის თსავისუფლების ფასი არის ამ დონემდე დაყვანილი. სავაჭრო არასდროს უნდა გახადო შენი თავისუფლება და ეს არისსერიოზული პრობლემა, რომელიც იყო პრობლემა და უნდა მოაგვაროს შემდეგმა ხელისუფლებამ, - ამბობს ცოტნე კობერიძე. 

"შაბათის ეთერმა" მოიპოვა მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილმა პატიუმრებს ციხის კარი პოლიტიკური გარიგების საფუძველზე გაუხსნა. ციხიდან გათავისუფლებულები თავად ადასტურებენ, რომ შეწყალებაზე განცხადებები არ დაუწერიათ, მათ ციხის უფროსები იბარებდნენ და უკვე დაწერილ ტექსტებზე ხელს აწერინებდნენ. 

613 სისხლის სამართლის საქმე გათავისუფლებულთაგან ერთ-ერთი პოლიციის მაღალჩინოსანი, შალვა ზამბახიძე რეჟიმმა მიხეილ ყაველაშვილის ხელმოწერით, ციხიდან 20 იანვარს გაათავისუფლა. "შაბათის ეთერის" ჟურნალისტი ზამბახიძეს ადმინისტრაციის თანამშრომლად გაეცნო, ზარის მოტივად კი ფაქტის გადამოწმება დაუსახელა. მან დაადასტურა, რომ შეწყალების აქტი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ დაუწერია. ციხეში დაბეჭდილი ფურცელი მიუტანეს და ხელი მოაწერეს, 17 იანვარს, 20-ში კი უკვე სახლში იყო. 

ანონიმური წყარო, რომელიც ამ პროცესის შესახებ ინფორმაციას ფლობს, "შაბათის ეთერს" წერს, რომ "ქართულმა ოცნებამ" მიხეილ ყაველაშვილის ხელით ციხიდან ის ხალხი გამოუშვა, ვის გათავისუფლებასაც  მათ ოჯახებს ხმების სანაცვლოდ არჩევნების წინ დაჰპირდა, ოღონდ ციხიდან ყველა არ გამოუშვეს. პირობა მხოლოდ მათ შეუსრულეს, ვინც ისედაც მათგანი იყო. 

დიდი სკანდალის მიუხედავად, მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაცია არ ასაჯაროებს მუხლებს, რომელი მუხლებით გასამართლებული პატიმრები გაათავისუფლეს. ამ თემაზე აკრძალული აქვთ საუბარი ციხის უფროსებსაც.