აღმოჩნდა, რომ გიორგი გახარიასთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება ფიქციურია - „გახარია საქართველოსთვის“

27.01.25 18:15
აღმოჩნდა, რომ გიორგი გახარიასთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება ფიქციურია -  „გახარია საქართველოსთვის“

აღმოჩნდა, რომ გიორგი გახარიასთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება ფიქციურია - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაში აღნიშნული.

მათივე ცნობით, გახარიას დაზარალებულად ცნობა მხოლოდ ერთი მიზეზით მოთხოვეს, ენახათ საქმის მასალები და გაცნობოდნენ მტკიცებულებებს, თუმცა ამის შესაძლებლობა პროკურატურამ არ მისცათ.

“პროკურატურა ასრულებს ივანიშვილის დავალებას მტკიცებულებების განადგურებაზე და სიმართლის გაყალბებაზე“, - წერია განცხადებაში.

გიორგი გახარიას დაზარალებულად ცნობა მოვითხოვეთ ერთადერთი მიზნით: გვენახა საქმის მასალები და გავცნობოდით უმთავრეს მტკიცებულებას - ვიდეო ჩანაწერებს. დღეს გიორგი გახარიას წარმომადგენელი ბათუმში ჩავიდა საქმის გასაცნობად. აღმოჩნდა, რომ დაზარალებულის სტატუსის მინიჭება ფიქციურია. ვიდეო მტკიცებულების გაცნობის შესაძლებლობა პროკურატურამ არ მოგვცა ჩანაწერების ექსპერტიზაზე გაგზავნის ყალბი საბაბით მაშინ, როცა ასლები აქვთ. არ გადმოგვეცა უმნიშვნელოვანესი მოწმის - ზვიად ქორიძის გამოკითხვის ოქმი. ამასთან, გაირკვა, რომ თავდასხმიდან თითქმის 2 კვირის თავზე ფორმალურად გამოკითხულია მხოლოდ ერთი არაფრისმომცემი მოწმე.

ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თავდასხმა ივანიშვილის დაკვეთითაა ორგანიზებული და პროკურატურა ასრულებს ივანიშვილის დავალებას მტკიცებულებების განადგურებაზე და სიმართლის გაყალბებაზე.

უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებების გადმოცემაზე უარი კიდევ ერთხელ მიუთითებს რეჟიმის მოტივაციაზე გამორიცხოს ივანიშვილის როლი და მიჩქმალოს შეკვეთილი და ჩასაფრებით მოწყობილი თავდასხმის წინასწარ ორგანიზებული და ჯგუფური ხასიათი, - წერია განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიას ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ თავს 15 იანვარს დაესხნენ. ექიმის განცხადებით, მას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა ჰქონდა. ერთ-ერთი პირი, რომელიც გახარიასთან ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძეა.

გარდა გიორგი გახარიაზე თავდასხმისა, ამავე სასტუმროში "ქართული ოცნების" წევრები თავს დაესხნან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძესაც. 

ამავე თემაზე: