PACE-ს კომიტეტი არჩევნების ჩანიშვნას და აპრილამდე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს - რეზოლუციას კენჭს ხვალ უყრიან

28.01.25 20:19
PACE-ს კომიტეტი არჩევნების ჩანიშვნას და აპრილამდე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს - რეზოლუციას კენჭს ხვალ უყრიან

ჩატარდეს ხელახალი არჩევნები და 2025 წლის აპრილის სესიამდე უნდა გათავისუფლდეს ყველა პოლიტიკური პატიმარი - ამის შესხებ PACE-ს მონიტორინგის კომიტეტის დასკვნაში აღნიშნული, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

რეზოლუცია ზოგადად ხაზს უსვამს საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლასა და ძალოვნების მხრიდან ძალადობას, მათ დაუსჯელობას.

დასკვნას კენჭს, ხვალ, 29 იანვარს უყრიან.

ამ მოსაზრებების ფონზე და როგორც დიალოგის შენარჩუნებისადმი საკუთარი ღიაობის დამადასტურებელი სიგნალი, ასამბლეა, ელოდება რა ქართული დელეგაციის რწმუნებათა სიგელების ხელახლა განხილვას და ქვეყანაში ვითარების საერთო გადაფასებას 2025 წლის აპრილის სესიაზე, იღებს გადაწყვეტილებას, რომ სესიის ამ ნაწილზე მოახდინოს ქართული დელეგაციის რწმუნებათა სიგელების რატიფიცირება და, ამავე დროს, დაჟინებით მოითხოვოს საქართველოს ხელისუფლებისგან:

დაუყოვნებლივ დაიწყოს ინკლუზიური პროცესი, რომელშიც ჩართული იქნება ყველა მხარე და სოციალური აქტორი, მათ შორის მმართველი უმრავლესობა, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება, რათა სასწრაფოდ აღმოიფხვრას ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი ხარვეზები და გაუმართაობები და შეიქმნას ისეთი საარჩევნო გარემო, რომელიც ხელშემწყობი იქნება ჭეშმარიტად დემოკრატიული ახალი არჩევნებისთვის, რომელიც მომდევნო თვეების განმავლობაში უნდა გამოცხადდეს" ,- წერია რეზოლუციაში.

ამას გარდა, რეზოლუცია ითხოვს, რომ “ოცნებამ“ პოლიტპატიმრები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის აპრილის სესიამდე გაათავისუფლოს.

ტექსტი, "პოლიციის დაუნდობლობისა და ადამიანის უფლებათა სხვა შელახვის დაგმობის ცხად ნიშნად" ასამბლეაში “ოცნების“ დელეგატებისთვის უფლებების ჩამორთმევასაც ითვალისწინებს.

ტექსტით გათვალისწინებული შეზღუდვების მიხედვით, დელეგატებს აღარ ექნებათ:

  • პოლიტიკურ საქმეთა და დემოკრატიის, მონიტორინგის, სამართლებრივი საქმეებისა და ადამიანის უფლებების, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის, პროცედურული კანონების, იმუნიტეტისა და ინსტიტუციურ საქმეთა კომიტეტების სრული ან მოადგილეობრივი წევრობის უფლება; 
  • არჩევნების დამკვირვებელი კომიტეტების წევრობის უფლება; მომხსენებლად დანიშვნის უფლება;
  • ასამბლეის საპრეზიდენტო ოფისის, კომიტეტის ან ქვეკომიტეტის თავმჯდომარის ან ვიცე თავმჯდომარის კანდიდატად წარდგენის უფლება; 
  • უფლება წარმოადგინონ ასამბლეა ევროპის საბჭოს ორგანოებში ბიუროს გადაწყვეტილებით და უფლება წარმოადგინოს ასამბლეა პერიოდულად ევროპის საბჭოს ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციების ან საპარლამენტთაშორისო ასამბლეების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე, შეხვედრებზე, კონფერენციებზე.

რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ თუ აღწერილი პრობლემები მოგვარდება, შეზღუდვების მოხსნა შესაძლებელი იქნება.

ასევე, რეზოლუციის ტექსტი “ქართულ ოცნებას“ სთხოვს, რომ გაითვალისწინონ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, რომლებიც აღნიშნული იქნება საქართველოსთან დაკავშირებულ სასწრაფო მოსაზრებაში. ამ მოსაზრების შემუშავება კომისიას ასამბლეის პრეზიდენტმა სთხოვა.