ამ ქალაქში შიშით ვარ - პირველი ინტერვიუ რიყის პარკის ტერიტორიაზე გარდაცვლილი მოზარდის დედასთან (ვიდეო)

29.01.25 17:03
ამ ქალაქში შიშით ვარ - პირველი ინტერვიუ რიყის პარკის ტერიტორიაზე გარდაცვლილი მოზარდის დედასთან (ვიდეო)

 

 

პირველი ინტერვიუ რიყის პარკის ტერიტორიაზე გარდაცვლილი მოზარდის დედასთან - სკოლის მოსწავლის ოჯახი კახა კალაძეს მიმართავს და საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. 

ამ ქალაქში შიშით ვარ - ამბობს "TV პირველთან"  16 წლის იოსებ ადეიშვილის დედა, ირინა ოროლოვა.

ჩემი ბიჭი ჩემი დიდი ფრთა იყო. ძალიან მძიმე პირობებში გავზარდე, ყველაფერი გავიარეთ, ქირიდან - ქირამდე. ამბობდა, ეს არის ცხოვრება? არაფერი არ მაქვს, ჩემი ოთახი არ მაქვს... ვეუბნებოდი, რომ არ ენერვიულა... 

პატარები დაიბნენ და ვერაფერი უშველეს. ყვიროდა, დამეხმარეთო, მიშველეთო. დოქებთან 3 მეტრამდე წყალი იყო დამდგარი. ბავშვები მიყვებიან, რომ ჩავარდაო. თვითონაც ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან, ტირიან, ღამე დედებს ეუბნებიან, რომ ხელი ჩაჰკიდონ, ირაკლი (ერთ-ერთი მეგობარი) ფსიქოლოგებთან დაჰყავთ, მის თვალწინ ბავშვობის მეგობარი დაიღუპა. 

მეც დაბნეული ვარ, ძალა არ მაქვს, ძალიან მეცოდება ჩემი ბიჭი, არ ვიცი, ვის უნდა დავაბრალო. აი, ვის უნდა ვუთხრა გამგეობა, მერია, ვინ არის პასუხისმგებელი ქალაქის მერი, იმედი მაქვს, კახა კალაძე ამ სიტუაციას ყურადღებას მიაქცევს, მისი იმერელი დაიღუპა, იოსებ ადეიშვილი. კიდევ პატარა მყავს მე, ამ ქალაქში შიშით ვარ“ - აცხადებს გარდაცვლილის დედა, ირინა ოროლოვა.

  • რიყის პარკის ტერიტორიაზე 16 წლის მოზარდი დაიღუპა - შემთხვევა შაბათს მოხდა. 
  • შსს-მ რიყის პარკის ტერიტორიაზე მოზარდის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
  • მას შემდეგ რაც ტრაგიკული სიკვდილის შესახებ მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, დედაქალაქის მერიამ საგანგებო განცხადება გაავრცელა - კახა კალაძის უწყება წერს, რომ  შემთხვევა არა პარკის, არამედ კერძო საკუთრების ტერიტორიაზე მოხდა.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. რიყის დოქები 2022 წელს 10 020 000 ლარად ბიზნესმენ დავით ხიდაშელის ოჯახმა შეიძინა. 

ოპოზიცია მომხდარის კომენტირებისას ამბობს, რომ უსაფრთხოების ზომების სავარაუდო დარღვევაზე პასუხისმგებელი მუნიციპალური ინსპექციაა. მათივე თქმით, სწორედ აღნიშნულ სამსახურს უნდა უზრუნველყო ე.წ. დამცავი ჯებირები, რათა უცხო პირებს სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში თავისუფლად ვერ შეეღწიათ.

ხელისუფლების ოპონენტების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ უსაფრთხოების ნორმების დარღვევას მუნიციპალური ინსპექცია აღმოაჩენდა, შემდეგ საქმეში შრომითი ინსპექცია უნდა ჩართულიყო, რომელიც თავის მხრივ ჯანდაცვის სამინისტროს ექვემდებარება.