სანქციები კიდევ იქნება - გამოხმაურებები თბილისში

30.01.25 11:19
სანქციები კიდევ იქნება - გამოხმაურებები თბილისში

გომელაურის უწყების მაღალჩინოსნებს საკუთარი მოქალაქეების წამება არ აპატიეს - ასე აფასებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" დირექტორი ჩეხეთის მიერ ივანიშვილის რეჟიმის სამი მაღალჩინოსნის დასანქცირებას. 

 როგორც ეკა გიგაურმა "პირველებთან" განაცხადა, ვროკავშირის წევრი ქვეყნებში კითხვის ნიშნები არ არსებობს და ყველამ კარგად იცის, ვინ ასრულებს ბიძინა ივანიშვილის უკანონო დავალებებს და ჩართულია ადამიანების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში. 

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან, რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება, ვხედავთ, რომ ისინი ნაციონალური სანქციების რეჟიმს იყენებენ. ისინი ძალიან კარგად ხედავენ, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც ასრულებენ ბიძინა ივანიშვილის უკანონო დავალებებს, რომლებიც აწამებენ ადამიანებს, უკანონოდ იჭერენ მათ და აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ მათი უფლებები დაირჭვეს. სწორედ ამიტომ, ეს ადამიანები არიან მიუღებლები ამ ქვეყნებისთვის. იმიტომ, რომ თუკი ჩვენ ვსაუბრობთ ევროკავშირის წევრობაზე, იმ ღირებულებებზე, რაც EU-ს აქვს, მათი ქცევა ამ ღირებულებებთან თავსებადი არ არის. ყველა შემთხვევაში, ეს ადამიანები ისჯებიან იმის გამო, რომ ისინი არღვევენ ადამიანის უფლებებს, ჩართულები არიან წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში და ამასთან დაკავშირებით კითხვები აღარ არსებობს - ანუ ყველამ ძალიან კარგად იცის, ვინ არის აღმსრულებელი, ვინ იღებს ბრძანებას და ვინ ასრულებს - სწორედ ეს ადამიანები არიან ისინი ვინც აწამებენ საკუთარ მოქალაქეებს"- თქვა გიგაურმა. 

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე კი ამბობს, რომ  რეჟიმის წარმომადგენლების წინააღმდეგ, საერთაშორისო მარწუხები სულ უფრო იკუმშება. 

ექსპერტის შეფასებით, ეს იმ უწყვეტი პროტესტის შედეგია, რომელშიც საქართველოს მოსახლეობა ორ თვეზე მეტია, იმყოფება. 

"ჩეხეთის გადაწყვეტილება გასაკვირი არ არის და ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ მომდევნო დღეებში სხვადასხვა ქვეყნები კიდევ შეუერთდებიან ინდივიდუალურ სანქციებს"- აღნიშნა მან. 

"პირველებისთვის" ცნობილი ხდება, შინაგან საქმეთა სამინისტროს რომელ სამ წარმომადგენელს დაუწესა ჩეხეთმა სანქციები 2024 წელს გამართულ საპროტესტო აქციებზე მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალადობრივი მეთოდებით დარბევის გამო. 

"ტვ პირველისთვის" მოწოდებული ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, სანქცირებულები არიან:

  • თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი, ვაჟა სირაძე
  • განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შეფი, ზვიად ხარაზიშვილი
  • განსაკუთრებული სისასტიკით ცნობილი "ხარებას" მოადგილე, მირზა კეზევაძე

ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია, გერმანია და ახლა უკვე ჩეხეთი ევროკავშირის წევრი მეხუთე სახელმწიფოა, რომელმაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სამ მაღალჩინოსანს მომიტინგეების დევნა, წამება, ცემა და მოქალაქეთა უკანონოდ დაკავებები არ აპატია. 

მსგავსი სიახლეები