გახარია „ ოცნებისთვის“ კონსტრუქციული ოპოზიცია იქნება - უმრავლესობა ექს-პრემიერის გეგმებზე

22.03.21 13:34
გახარია „ ოცნებისთვის“  კონსტრუქციული ოპოზიცია იქნება - უმრავლესობა ექს-პრემიერის გეგმებზე

გიორგი გახარია „ქართული ოცნებისთვის“ სასურველი კონსტრუქციული ოპოზიცია იქნება, - ასე ეხმაურებიან მმართველ გუნდში ექს-პრემიერის განცხადებას პოლიტიკაში დარჩენასთან დაკავშირებით.

უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა, გიორგი გახარიას პოლიტიკურ გეგმებს მიესალმება. მისი თქმით, კარგია, რომ ხელისუფლებას გაკოტრებული „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა კონსტრუქციული ოპოზიციაც ეყოლება. 

ჩვენ გვაქვს ისეთი საპარლამენტო გარემო, სადაც ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, შექმნას პარტია, თუ ამას ჩათვლის საჭიროდ და პოლიტიკური საქმიანობა განაგრძოს. ასე რომ, მივესალმები, რაც მეტი, პირადად ჩემთვის, პარტია იქნება საქართველოში, ვინც ქართულ ინტერესებს დაიცავს მაქსიმალურად და არ გვექნება მმართველ პარტიას მხოლოდ გაკოტრებულ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ჭიდილი. ძალიან გამოცდილი პრემიერი იყო, ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის და მისი კრიტიკული ხედვა საინტერესო იქნება, - აცხადებს  ზარქუა. 

„ქართული ოცნების“  დეპუტატი, ელისო ბოლქვაძე ამბობს, რომ გახარიას პოლიტიკური გეგმების შესახებ არაფერი იცოდა, თუმცა ეს მისთვის სასიამოვნო სიახლე იყო.  

ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც არიან სხვადასხვა პარტიები და ახალ პარტიებსაც მიესალმება დემოკრატიული სამყარო და არაფერ განსაკუთრებულს ამაში ვერ ვხედავ. რაც შეეხება ბატონ გახარიას,  მე გავივე ათი წუთის წინ ეს ამბავი.  პირადად ბატონ გიორგი გახარიას ძალიან დიდ პატივს ვცემ. მასთან მქონდა ძალიან მცირე სხვადასხვა მიმართულებებით საუბრები. მე ვფიქრობ, რომ ის არის ქვეყნის პატრიოტი, - ამბობს ბოლქვაძე.

ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ, დღეს დუმილი დაარღვია და განაცხადა, რომ პოლიტიკიდან და ქვეყნიდან წასვლას არ აპირებს.