"სახელმწიფო ინსტიტუციების მიტაცებაა "ოცნების" სასარგებლოდ" - ლანა გალდავა ცვლილებებზე
"ქართული ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ დიპლომატიური სამსახურის გავლის წესში ცვლილებების შეტანას კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ლანა გალდავა ინსტიტუციების მიტაცების მცდელობად აფასებს.
"ისინი აპირებენ, ყველა ინსტიტუცია მართონ სუს-ის საშუალებით" - ამბობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი "პირველებთან" და არსებული სიტუაციიდან გამოსავლის ერთადერთ გზად ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მიიჩნევს.
ეს ყველაფერი არის სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცება ''ქართული ოცნების'' ინტერესების სასარგებლოდ, რადგან ისინი აპირებენ, ყველა ინსტიტუცია მართონ სუს-ის საშუალებით. თავიდან მიადგნენ საჯარო მოხელეებს, ახლა მიადგნენ დიპლომატიური კორპუსს და ანგრევენ უკვე დიპლომატიას, ასევე საჯარო მოხელეთა კლასს. ერთადერთი გამოსავალი ამ მძიმე პოლიტიკური სიტუაციიდან არის ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა'', - ამბობს ლანა გალდავა.
საჯარო სამსახურებში განხორციელებული რეპრესიების შემდეგ, ჯერი დიპლომატიურ სამსახურზე დადგა - "ქართული ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მიიღო ბრძანება, რომლითაც დიპლომატიური სამსახურის გავლის წესში ცვლილებები შეიტანა.
ცვლილებების თანახმად, რომელიც 2025 წლის 27 იანვრით თარიღდება და 28 იანვრის შემდეგ მოქმედებს, დიპლომატიურ თანამდებობაზე შესაძლებელი გახდა პირთა ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დანიშვნა, რაც დიპლომატიური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონს ეწინააღმდეგება.
ამასთან, ცვლილებების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ დანიშნულ მინისტრს უფლებამოსილება შეუწყდება, მაშინ ავტომატურად შეწყდება ამ პოზიციაზე დანიშნული ყველა დიპლომატის კონტრაქტიც.