"ბოჭორიშვილს დიპლომატიური სამსახურის ჩამოშლა დაავალეს, მათი მიზანი წმენდაა" - სამადაშვილი

01.02.25 13:38
"ბოჭორიშვილს დიპლომატიური სამსახურის ჩამოშლა დაავალეს, მათი მიზანი წმენდაა" - სამადაშვილი

დიპლომატიური სამსახურის გავლის წესში ცვლილებების შეტანის საპასუხოდ, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრს დიპლომატიური სამსახურის ჩამოშლის შესრულება დაავალეს. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი "პირველებთან" მიიჩნევს, რომ ცვლილებების მიზანი უწყებაში წმენდის ჩატარება და "პატრიოტი დიპლომატების გაყრაა".

"სურთ, დატოვონ ის ხალხი, რომლებიც რუსული დავალებების შესასრულებლად მზად არიან" - აღნიშნავს სალომე სამადაშვილი. 

რუსეთის წარმომადგენელი ქალბატონი ბოჭორიშვილი, რომელმაც დავალება მიიღო, რომ ჩამოშალოს საქართველოს დიპლომატიური სამსახური, უკანონო გზას დაადგა იმისთვის, რომ, ფაქტობრივად, წმენდა ჩაატაროს, ქართველი, პატრიოტი დიპლომატები გაყარონ ყველა სამსახურიდან და დატოვონ მხოლოდ ის ხალხი, ვინც მზად არის, რომ რუსული დავალებები შეასრულოს.

ამისთვის ქალბატონ ბოჭორიშვილს მოეთხოვება პასუხი აუცილებლად იმიტომ, რომ ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, საქართველოს ინტერესების ხელყოფა რუსეთის სასარგებლოდ და ეს არის, პირველ რიგში, კანონდარღვევა. ანუ, მან დაარღვია კანონი'', - ამბობს სალომე სამადაშვილი

საჯარო სამსახურებში განხორციელებული რეპრესიების შემდეგ, ჯერი დიპლომატიურ სამსახურზე დადგა - "ქართული ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მიიღო ბრძანება, რომლითაც დიპლომატიური სამსახურის გავლის წესში ცვლილებები შეიტანა.

ცვლილებების თანახმად, რომელიც 2025 წლის 27 იანვრით თარიღდება და 28 იანვრის შემდეგ მოქმედებს, დიპლომატიურ თანამდებობაზე შესაძლებელი გახდა პირთა ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დანიშვნა, რაც დიპლომატიური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონს ეწინააღმდეგება. 

ამასთან, ცვლილებების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ დანიშნულ მინისტრს უფლებამოსილება შეუწყდება, მაშინ ავტომატურად შეწყდება ამ პოზიციაზე დანიშნული ყველა დიპლომატის კონტრაქტიც. 

მსგავსი სიახლეები