"პატარა ბიჭების კომპლექსი" - კუპრაძე "ხარებაზე"

02.02.25 20:31
"პატარა ბიჭების კომპლექსი" - კუპრაძე "ხარებაზე"

"პატარა ბიჭების კომპლექსი" - ასე აფასებს "ხარებას" აგრესიულ ქმედებებს კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ზვიად ხარაზიშვილი და შსს-ს სხვა ძალოვანები საკუთარი ძალაუფლების ჩვენებას მოქალაქეების წამებით და ცემით ცდილობენ.

კუპრაძე ამბობს, რომ ძალადობა, რომელიც დღეს ქვეყანაში ხდება, ბევრად უფრო მძიმე ფორმებს მიიღებს, თუკი ქართველი ხალხი ამას დაუშვებს. 

ესენი არ არიან მაღალჩინოსნები, ესენი არიან ბიძინა ივანიშვილის პირადი „ნაიომნიკები“, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ თავიანთი ბატონის უსაფრთხოებაზე ზრუნავენ. დაკავებულები არიან პოლიტიკოსები, აქტივისტები, რომლებზეც ძალადობს პირადად "ხარება". ეს არის პატარა ბიჭების კომპლექსი, რომელსაც ისინი გამოხატავენ ძალაუფლების ნაწილში, რომ გასვარონ ყველა და აჩვენონ, რომ ძალადობა არის მათი სტანდარტი.

„ქართული ოცნების“ სტანდარტად ჩამოყალიბდა კორუფცია, ძალადობა, რუსული გადაწყვეტილებები, რასაც უპირისპირდებიან ეს მოქალაქეები ძალიან გეგმაზომიერი ბრძოლით. უსამართლობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, მიიღებს ბევრად უფრო მძიმე ფორმებს. აიკრძალება საერთოდ თავისუფლება ქვეყანაში, თავისუფალი იქნება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი, - ამბობს კუპრაძე.    

"თბილისი მოლთან" დაკავებულები  პოლიციელებს ზვიად ხარაზიშვილთან მიჰყავთ, "ხარება" კი დაჭერილებს ფიზიკურად უსწორდება.

კადრებში ნათლად ჩანს, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი მოქალაქეს წიხლებს ურტყამს.

კადრები "შაბათის ეთერის" ოპერატორმა აღმაშენებლის ხეივანზე გადაიღოო.

მსგავსი სიახლეები