პირველი კადრები და ინტერვიუები სახლიდან, სადაც ტაილანდელი ქალები სუროგაციის მიზნით ცხოვრობენ

06.02.25 13:28
პირველი კადრები და ინტერვიუები სახლიდან, სადაც ტაილანდელი ქალები სუროგაციის მიზნით ცხოვრობენ

პირველი კადრები და ინტერვიუები სახლიდან, სადაც ტაილანდელი ქალები  სუროგაციის მიზნით ცხოვრობენ. "ტვ პირველის" ჟურნალისტისთვის  მიცემულ ინტერვიუებში,  ტაილანდის მოქალაქე ქალები ამტკიცებენ, რომ თბილისის  შუაგულში  დანაშაული არ ხდება და კვერცხუჯრედებით არ ვაჭრობენ.

ტაილანდში ჩატარებული მასშტაბური გამოძიებით  გაღრმავდა ეჭვი, რომ  100-მდე ტაილანდის მოქალაქე ქალი ამ წუთებშიც ტრეფიკინგის მსხვერპლია და ტანჯვას განიცდის.

ტაილანდის მოქალაქეები ადასტურებენ, რომ იმ სამ ქალს იცნობენ, ვინც  საქართველოში მოქმედი ტრეფიკინგის მასშტაბური სქემის შესახებ ჰყვება. "ტვ პირველის" რესპონდენტები ამტკიცებენ, რომ ქალები ტყუიან. 

მათი თქმით, კითხვები დაუსვეს ქართველმა სამართალდამცევებმაც: 

ჩამოვიდნენ, აქ არ მოეწონათ, ფული აიღეს და გადაწყვიტეს წასულიყვნენ, არ დააკმაყოფილათ ამ ფულმა და წასვლა მოინდომეს, შეთხზეს ისტორიები, რომელიც სიმართლე არ არის, არავინ აიძულებდა მათ კვერცხუჯრედების გაყიდვას. მათ აიღეს ძალიან დიდი თანხა, 30 000-ზე მეტი.

 აიღო ფული და მერე მოიგონა  ეს ამბავი, რომ თითქოს ის აიძულეს, დაატყვევეს და გამოკეტეს მაშინ, როდესაც ეს ყველაფერი არ ხდებოდა. აქ ნამდვილად არ ხდება კვერცხუჯრედების გაყიდვა იძულებით, რადგან ისედაც საკმარისად დიდი არჩევანია. 

ოჯახივით ვცხოვრობთ, არაფერზე არ არის შეზღუდვა, არის ძალიან კარგი კვება. პოლიციელები ჩვენთან იყვნენ უკვე გამოკითხვაზე, მათ გვკითხეს აქვს თუ არა ადგილი რაიმე იძულებას, თავდასხმას ან თავისუფლების უკანონო აღკვეთას, რაზეც ჩვენ ვუპასუხეთ რომ ეს ყველაფერი სისულელეა"- ჰყვებიან ტაილანდის მოქალაქეები. 

ტაილანდური გამოცემა The Nation საქართველოში მოქმედი ტრეფიკინგის მასშტაბური სქემის შესახებ წერს. გამოცემის ცნობით, ტაილანდურმა ქალთა ფონდმა Pavena Foundation for Children and Women ცოტა ხნის წინ სამი ტაილანდელი ქალი ჩინური კრიმინალური დაჯგუფების მიერ მართული ე.წ. კვერცხუჯრედების ფერმიდან დაიხსნეს.

ფონდის ცნობით, ჯამში 100-მდე ტაილანდელი ქალი კრიმინალური დაჯგუფების წევრებმა, რომლებიც თავს სუროგაციის ბროკერებად ასაღებდნენ, საქართველოში მოტყუებით ჩამოიყვანეს. 

როგორც ფონდი აღნიშნავს, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ქალები იზოლირებულ საცხოვრებელ კომპლექსში გადაჰყავდათ, სადაც მათ სუროგაციის ნაცვლად, ყოველთვიურად კვერცხუჯრედების მოპოვების პროცედურების გავლას აიძულებდნენ. მოპოვებულ კვერცხუჯრედებს კი, სავარაუდოდ, ინ ვიტრო განაყოფიერების (IVF) პროცედურებში გამოყენებისთვის სხვა ქვეყნებში აგზავნიდნენ.