"ქართული ოცნება" ცენზურის დაკანონებისთვის ემზადება - სამიზნე კრიტიკული მედიაა
"ქართული ოცნება" ცენზურის დაკანონებისთვის ემზადება - ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აანონსებს, რომ ივანიშვილის რეჟიმის მიერ დაინიცირებული კანონპროექტით მმართველი პარტია მედიაპროდუქტის შინაარსის გაკონტროლებას დაიწყებს.
შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ რეპრესიული კანონი დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის არის მნიშვნელოვანი.
რაც შეეხება მედიასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას, ესეც არის გამოწვევა, რომელიც მათ შორის ვნახეთ ამ სკანდალური მხილებებიდან გამომდინარე, რომ თურმე, ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტიდან სხვადასხვა ორგანიზაციების მეშვეობით თანხები იხარჯებოდა მედიასაშუალებებში იმისთვის, რომ გაეტარებინათ საკუთარი ნარატივი, საკუთარი გავლენა ამა თუ იმ ქვეყანაში, თუ საერთაშორისო მედიის დონეზე.
Fake News-ებთან ბრძოლა არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და მიზანი თანამედროვე დემოკრატიების და ჩვენც, რა თქმა უნდა, უნდა ვებრძოლოთ Fake News-ებს. ახალს არაფერს გამოვიგონებთ საერთოდ. ავიღებთ და გადმოვიტანთ პირდაპირ ბრიტანულ სტანდარტს. რაიმე კითხვები თუ არის ამ სტანდარტთან, მიმართეთ დიდ ბრიტანეთს, ან მის საელჩოს საქართველოში.
თვითრეგულაციის ნაწილი აქ არის არაეფექტიანი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს პროცედურები, რომელიც არ იქნება მინდობილი თავად მედიაზე, რომელიც თავად ავრცელებს დეზინფორმაციას, რომ შემდეგ თავად იყოს ამ დეზინფორმაციის აღმკვეთი. არამედ მოქალაქეებს ჰქონდეთ საშუალება, რომ თავი დაიცვან Fake News-ებთან.
დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში შინაარსში შესვლის გარეშე შეუძლებელია. დეზინფორმაცია თავად შინაარსია. ეს ხომ არ არის ფორმა, ეს არის შინაარსი. რა თქმა უნდა, ფორმაში არც არავინ ერევა და არც ებრძვის, შინაარსზეა საუბარი", - ამბობს შალვა პაპუაშვილი.
ცნობისთვის, რეჟიმი აინიცირებს კანონს, რომელიც მამუკა მდინარაძის მტკიცებით, "მედიის ობიექტურობასა და ეთიკის სტანდარტებს" დაადგენს. მისივე ცნობით, კანონით აიკრძალება მედიასაშუალების უცხოური წყაროებიდან დაფინანსება.