ივანიშვილი ინსტიტუციებს პირადი ინტერესებისთვის იყენებს - ოპოზიცია
უტა ივანიშვილის და თეიმურას ლეჟავას შეხვედრა ტოკიოში - ოპოზიცია ქართველ დიპლომატს ივანიშვილის "ხელის ბიჭად" მოიხსენიებს და მას "სამარცხვინოს" უწოდებს. "ოცნების" ოპონენტები პირდაპირ ამბობენ, რომ ნაცვლად იმისა, ლეჟავა საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებზე მუშაობდეს, ოლიგარქის პირადი საკითხების მოგვარებით არის დაკავებული.
დიპლომატი, რომელიც ქვეყანას უნდა წარმოადგენდეს იაპონიაში, დაკავებულია მომსახურებით ივანიშვილის შვილის და მის ხელის პერსონალად არის ქცეული. ამად გადააქცია ივანიშვილმა ეს ქვეყანა. როდესაც ეს ადამიანი საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებზე უნდა მუშაობდეს, ივანიშვილის პირადი საკითხების მოგვარებით, კლერკად მუშაობს, ფაქტობრივად, იაპონიაში. სამარცხვინოა და მის დიპლომატიურ კარიერაში დიდ შავ ლაქად შევა, ხელის ბიჭია და პერსონალია ივანიშვილის, - ამბობს გახარიას გუნდის წევრი ბერდია სიჭინავა.
ივანიშვილის მიერ სახელმწიფო ინსტიტუტების იტაცებაზე საუბრობს "ძლიერი საქართველოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე.
ივანიშვილი იყენებს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს თავისი მიზნებისთვის და დაქვემდებარებული აქვს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი. ეს არის სახელმწიოფს მიტაცება, როდესაც თავისი ინტერესებიდან გამომდინარე იყენებს, იქნება ეს სასამართლო, ეროვნული ბანკი, პროკურატურა, საგარეო საქმეთა სამინისტრო და ა.შ., - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ რეჟიმი მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს იყენებს, რათა ივანიშვილის ფინანსური კეთილდღეობა განამტკიცოს. პოლიტიკოსი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოში დიპლომატია სახელმწიფო ინტერესებს აღარ ემსახურება.
რეჟიმი იყენებს ყველა მის ხელთ არსებულ მექანიზმს, მათ შორის დიპლომატიურ სამსახურს იმისისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილის ფინანსური ძალაუფლება, მისი ოჯახის ძალაუფლება განმტკიცდეს და ამ შემთხვევაში, რაც ჩვენ ვნახეთ გავრცელებული საერთაშორისო მედიის მიერ, ნიშნავს იმას, რომ დიპლომატია, სამწუხაროდ, საქართველოში აღარ ემსახურება სახელმწიფო ინტერესებს, ემსახურება ივანიშვილს, ივანიშვილის ოჯახს და ეს არის მახინჯი სისტემა, რომელიც თავიდან ბოლომდე არის ივანიშვილის ინტერესებზე მორგებული, - ამბობს ხატია დეკანოიძე.
ბიძინა ივანიშვილის უფროსი შვილი იაპონიაში საქართველოს ელჩს, თეიმურაზ ლეჟავას შეხვდა - აუდიენცია 26 იანვარს, ტოკიოს ერთ-ერთი რესტორნის კუთხეში შედგა. ამის შესახებ იაპონური მედიასაშუალება Shūkan Bunshun იუწყება.
გამოცემა ავრცელებს შეხვედრის ამსახველ ფოტო მასალასაც, სადაც ჩანს ლეჟავა, თუმცა დაფარულია ივანიშვილის უფროსი შვილის, უტა ივანიშვილის სახე.
Shūkan Bunshun-ის მტკიცებით, შეხვედრა დაახლოებით ერთი საათს გაგრძელდა, რომლის ბოლოსაც ლეჟავამ ივანიშვილს დიდი შავი ჩანთა გადასცა და უთხრა, რომ - "აქ არ გახსნა, იმედი მაქვს გამოგადგება".
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო მედიაში გავრცელებულ სკანდალურ ინფორმაციასთან დაკავშირებით ამ დრომდე განმარტებას არ აკეთებს საგარეო საქმეთა სამინსტრო.