"ჩნდება ეჭვი, რომ დიპლომატიური ფოსტა გამოიყენება სანქციების თავის არიდებისა და შავი ფულის გადასატანადაც" - გახარიას გუნდი

07.02.25 11:58
"ჩნდება ეჭვი, რომ დიპლომატიური ფოსტა გამოიყენება სანქციების თავის არიდებისა და შავი ფულის გადასატანადაც" - გახარიას გუნდი

უტა ივანიშვილისა და თეიმურაზ ლეჟავას შეხვედრის ამსახველ ჟურნალისტურ გამოძიებას  პარტია "გახარია საქართველოსთვის" ოფიციალური განცხადებით ეხმაურება.

ყოფილი პრემიერის გუნდს უჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველოს დიპლომატიური სამსახური და დიპლომატები ჩართულები არიან ივანიშვილისა და მისი ოჯახის პირადი ინტერესების მსახურებაში. 

"ასევე ჩნდება ეჭვი, რომ ადგილი აქვს დიპლომატიური ფოსტისა და დიპლომატიური იმუნიტეტის გამოყენებას პირადი მიზნებისთვის" - ნათქვამია განცხადებაში, სადაც ასევე წერია, რომ შესაძლოა, ფოსტა გამოიყენებოდეს სანქციების თავის არიდებისა და შავი ფულის გადასატანად.

ჟურნალისტური გამოძიებიდან ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველოს დიპლომატიური სამსახური და დიპლომატები ჩართულები არიან ივანიშვილისა და მისი ოჯახის პირადი ინტერესების მსახურებაში. 

ასევე ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ადგილი აქვს დიპლომატიური ფოსტისა და დიპლომატიური იმუნიტეტის გამოყენებას პირადი მიზნებისთვის. შესაძლოა, ფოსტა გამოიყენება სანქციების თავის არიდებისა და შავი ფულის გადასატანადაც.  

ეს არამარტო საქართველოს კანონმდებლობის, არამედ საერთაშორისო კონვენციების უხეში დარღევაა და დიდი დიპლომატიური სკანდალიც შეიძლება მოჰყვეს." - წერია განცხადებაში. 

ბიძინა ივანიშვილის უფროსი შვილი იაპონიაში საქართველოს ელჩს, თეიმურაზ ლეჟავას შეხვდა - აუდიენცია 26 იანვარს, ტოკიოს ერთ-ერთი რესტორნის კუთხეში შედგა. ამის შესახებ იაპონური მედიასაშუალება Shūkan Bunshun იუწყება.

გამოცემა ავრცელებს შეხვედრის ამსახველ ფოტო მასალასაც, სადაც ჩანს ლეჟავა, თუმცა დაფარულია ივანიშვილის უფროსი შვილის, უტა ივანიშვილის სახე.

Shūkan Bunshun-ის მტკიცებით, შეხვედრა დაახლოებით ერთი საათს გაგრძელდა, რომლის ბოლოსაც ლეჟავამ ივანიშვილს დიდი შავი ჩანთა გადასცა და უთხრა, რომ - "აქ არ გახსნა, იმედი მაქვს გამოგადგება".

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო მედიაში გავრცელებულ სკანდალურ ინფორმაციასთან დაკავშირებით ამ დრომდე განმარტებას არ აკეთებს საგარეო საქმეთა სამინსტრო.