დეკანოიძე: "რეჟიმს პროტესტის მოგუდვა უნდა - ივანიშვილისთვის ადამიანების აქტიურობა დისკომფორტია"

08.02.25 17:28
დეკანოიძე: "რეჟიმს პროტესტის მოგუდვა უნდა - ივანიშვილისთვის ადამიანების აქტიურობა დისკომფორტია"

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე ვაჟა სირაძის მიერ ვახტანგ გომელაურისთვის დახმარების თხოვნით მიმართვას უწყვეტი პროტესტის მოგუდვისა და ჩახშობის მცდელობად აფასებს.

  • საუბარია პოლიციის შეფის მიერ შს მინისტრისთვის გაგზავნილ პატაკზე, სადაც წერია, რომ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში მასალების შეტანას ვეღარ აუდის. სწორედ ამიტომ, ვაჟა სირაძე ვახტანგ გომელაურს სთხოვს, რომ ხალხის წინააღმდეგ ვიდეომტკიცებულებების მოგროვებასა და მასალების სასამართლოში შეტანისთვის შსს-ს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის სხვადასხვა ქვედანაყოფი დაახმაროს. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ ქუჩაში გამოსული ხალხი ბიძინა ივანიშვილისთვის დისკომფორტის სერიოზული წყაროა, რადგან მისივე განმარტებით, ქართველ ოლიგარქს სწორედ ადამიანების აქტიურობა აშინებს. 

რეჟიმს უნდა მოგუდვა პროტესტის. ჩქარობს ბიძინა ივანიშვილი, რადგან საერთაშორისო კონფიგურაცია სწრაფად იცვლება. უნდა, რომ გააჩეროს პროტესტი, რადგან ეს პროტესტი მისი დისკომფორტის სერიოზული წყაროა. მას ეს პროტესტი, ადამიანების აქტიურობა აშინებს. 

ნახეთ როგორი მექანიზმია შემუშავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს 360 გრადუსზე კამერები მაღალი რეზოლუციის, რომელიც ასევე დარღვევაა პერსონალური მონაცემების გასაჯაროების, რადგან გითვალთვალებენ მთელი 360 გრადუსით, ამის იდენტიფიცირებას ახდენს და მტკიცებულებების გარეშე ადამიანებს აჯარიმებს. ეს არის სისტემა, რომელიც გულისხმობს, რომ პოლიცია-სასამართლო და იუსტიციის ყველა კრიმინალური რგოლი არის ჩართული ამ სადამსჯელო ღონისძიებაში", - ამბობს ხატია დეკანოიძე. 

სანქცირებული ვაჟა სირაძე მაგნიტსკის სიაში შეყვანილ ვახტანგ გომელაურს თხოვნით მიმართავს - პოლიციის შეფი შს მინისტრს პატაკს უგზავნის, სადაც წერია, რომ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში მასალების შეტანას ვეღარ აუდის. 

სწორედ ამიტომ, ვაჟა სირაძე ვახტანგ გომელაურს სთხოვს, რომ ევროპული მომავლის სადარაჯოზე მდგომი მოქალაქეების წინააღმდეგ ვიდეომტკიცებულებების მოგროვებასა და მასალების სასამართლოში შეტანისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის სხვადასხვა ქვედანაყოფი დაახმაროს. 

პატაკით, რომელიც 1 თებერვლით თარიღდება, ასევე ირკვევა, რომ სირაძე გომელაურს კონკრეტულად 593 სამართალდარღვევის ფაქტზე რეაგირებას სთხოვს.