ვაჟა სირაძე ხალხის წინააღმდეგ მტკიცებულებების შეგროვებას ვეღარ აუდის - პოლიციის შეფი დახმარების თხოვნით გომელაურს მიმართავს
სანქცირებული ვაჟა სირაძე მაგნიტსკის სიაში შეყვანილ ვახტანგ გომელაურს თხოვნით მიმართავს - პოლიციის შეფი შს მინისტრს პატაკს უგზავნის, სადაც წერია, რომ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში მასალების შეტანას ვეღარ აუდის.
სწორედ ამიტომ, ვაჟა სირაძე ვახტანგ გომელაურს სთხოვს, რომ ევროპული მომავლის სადარაჯოზე მდგომი მოქალაქეების წინააღმდეგ ვიდეომტკიცებულებების მოგროვებასა და მასალების სასამართლოში შეტანისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის სხვადასხვა ქვედანაყოფი დაახმაროს.
პატაკით, რომელიც 1 თებერვლით თარიღდება, ასევე ირკვევა, რომ სირაძე გომელაურს კონკრეტულად 593 სამართალდარღვევის ფაქტზე რეაგირებას სთხოვს.
იურისტები ამბობენ, რომ ვაჟა სირაძის მიერ ვახტანგ გომელაურისთვის მსგავსი თხოვნით მიმართვა იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ რეჟიმს გარკვეული პირები, რომელთა წინააღმდეგ რეპრესიების განხორციელებას აპირებს, უკვე ამორჩეული ჰყავს.
მიზნად აქვთ იმ რაოდენობის ადამიანების დაბარება, ვინც თავისუფლებაზე/რუსთაველზე დგანან და აქამდე კიდევ არ ყოფილან. უწყება და სასამართლო ვერ ახერხებს მტკიცებულებების ჩაბარებას, ამ პიროვნებების ამოცნობას და ვიდეომტკიცებულებების ისე წარდგენას, რომ ისინი მინიმუმ ემთხვეოდეს ერთმანეთს. საქმეში უკვე გამოჩნდა მტკიცებულებები, სადაც ამბობენ, მაგალითად, მოგვეცით 20 თებერვლის 17:00 საათიდან 18:00 საათამდე პერიოდში ვიდეომასალა.
ეს იმის თქმის საფუძველს გვაძლევს, რომ ვიღაცები წინასწარ ამორჩეულები არიან. ამ უწყებებმა იციან ეს პიროვნებები რა დროს იდგნენ. ეს ინფორმაცია შეიძლება იყოს პოლიციის მიერ მიწოდებული, ან ისე გაგებული." - ამბობს თორნიკე მიგინეიშვილი.
დღევანდელი პატაკიდან გამომდინარე ჩანს, რომ შსს-ს იმდენად აღარ აქვს რესურსი, რომ დეპარტამენტებს თხოვენ, ერთმანეთს დაეხმარონ. ყველას არ უნდა, აღნიშნულ საქმეებს ხელი მოკიდონ და უკვე დეპარტამენტებს ითხოვენ, რომ აირჩიონ ის კრიმინალი პოლიციელები, რომლებიც ამ დავალებას შეასრულებენ. ის ნიშნავს იმას, რომ კრიმინალი პოლიციელების ჯგუფი იქმნება, რომლებმაც სამართალდარღვევა უნდა ჩაიდინონ და ოქმები უნდა შეადგინონ", - ამბობს ლაშა ტყეშელაძე.