"პოლიტიკური დაკვეთაა" - გალდავა სირაძის მიერ გომელაურისთვის თხოვნით მიმართვაზე
"პოლიტიკური დაკვეთაა" - ასე აფასებს ვაჟა სირაძის მიერ ვახტანგ გომელაურისთვის დახმარების თხოვნით მიმართვას კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ლანა გალდავა.
- საუბარია პოლიციის შეფის მიერ შს მინისტრისთვის გაგზავნილ პატაკზე, სადაც წერია, რომ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში მასალების შეტანას ვეღარ აუდის. სწორედ ამიტომ, ვაჟა სირაძე ვახტანგ გომელაურს სთხოვს, რომ ხალხის წინააღმდეგ ვიდეომტკიცებულებების მოგროვებასა და მასალების სასამართლოში შეტანისთვის შსს-ს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის სხვადასხვა ქვედანაყოფი დაახმაროს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ მიუხედავად შეკერილი საქმეებისა, ქართველი ხალხი არ დანებდება, რადგან რეჟიმის მხრიდან რეპრესიებსა და ძალადობას ყოველდღიურად კიდევ უფრო მეტი ადამიანი გააპროტესტებს.
რეპრესიების მიზანი ადამიანების დაშინება გახლავთ. არის პოლიტიკური დაკვეთა. პირდაპირ მიუთითებს, რომ ნოემბრის თვიდან 600-მდე სამართალდარღვევის ფაქტზე მიდის დახმარების თხოვნა. არ აქვს მნიშვნელობა, სირაძე მიმართავს გომელაურს, თუ გომელაური სხვა ადამიანებს. ფაქტი არის ერთი, რომ რეპრესიების დაკანონების მცდელობა უფრო მეტ უკუეფექტს იწვევს. როდესაც ძალადობა არის დიდი ხასიათის, ადამიანებს უფრო მეტად უჩნდებათ პროტესტის გრძნობა", - ამბობს ლანა გალდავა.
სანქცირებული ვაჟა სირაძე მაგნიტსკის სიაში შეყვანილ ვახტანგ გომელაურს თხოვნით მიმართავს - პოლიციის შეფი შს მინისტრს პატაკს უგზავნის, სადაც წერია, რომ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში მასალების შეტანას ვეღარ აუდის.
სწორედ ამიტომ, ვაჟა სირაძე ვახტანგ გომელაურს სთხოვს, რომ ევროპული მომავლის სადარაჯოზე მდგომი მოქალაქეების წინააღმდეგ ვიდეომტკიცებულებების მოგროვებასა და მასალების სასამართლოში შეტანისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის სხვადასხვა ქვედანაყოფი დაახმაროს.
პატაკით, რომელიც 1 თებერვლით თარიღდება, ასევე ირკვევა, რომ სირაძე გომელაურს კონკრეტულად 593 სამართალდარღვევის ფაქტზე რეაგირებას სთხოვს.