"უსამართლობის განცდა დაგროვდა" - ნინო ქათამაძე
მომღერალი ნინო ქათამაძე, რომელსაც ამ წუთებში რეჟიმი გამოხატვის თავისუფლების გამო სამართლებს, ამბობს, რომ უსამართლობის განცდა დაგროვდა. ამის შესახებ მან პროცესის დაწყებამდე ისაუბრა. ხელოვანის თქმით, პროტესტის ხმა, რომელიც ყველგან ისმის, ვერ გაჩერდება, რადგან მის უკან დიდი სიმართლე დგას.
გულწრფელად გეტყვით, კონცერტი სად არ მქონია. მქონია მარილის შახტაში, მინუს 244 მეტრის სიღრმეში, მაგრამ კონცერტი არ მქონია სასამართლო დარბაზში, ანუ არ მოვხვედრილვარ. რა თქმა უნდა, ეს იუმორით, მაგრამ დაგროვდა ეს უსამართლობის განცდა. იმდენად რთულია ეს მზიას თემა, თემურ ქათამაძის შიმშილობა და ძალიან ბევრი მოვლენები, რომ არ ვიცი ეს ხმა როგორ უნდა გაჩერდეს და ასეთი ხმაურიანი რატომ აღმოჩნდა. ალბათ იმიტომაც, რომ მის უკან ძალიან დიდი სიმართლე დგას, - ამბობს ნინო ქათამაძე.
ყურადღების ცენტრში ქუთაისის საქალაქო სასამართლოა, სადაც რეჟიმი გამოხატვის თავისუფლების გამო ცხრა ადამიანს ასამართლებს. საქმე ეხება ქუთაისში, მოსამართლის სახლთან გამართულ 30 წუთიან აქციას, რომელშიც მომღერლები, ჟურნალისტები, ფსიქოლოგები და მასწავლებლები მონაწილეობდნენ.
პროცესზე მოსამართლე ციცინო მოსიძემ განმარტა, რომ მოსამართლის სახლის შესასვლელის ბლოკირება ადმინისტრაციული წესით ისჯება: ძველი რედაქციით 15 დღიანი პატიმრობით, 7 თებერვალს შესული რედაქციით კი ან 5 ათას ლარიანი ჯარიმით, ან 60 დღიანი პატიმრობით.