დღეს გაკვეთილზე უნდა ვყოფილიყავი და მიწევს სასამართლოში ყოფნა, ცუდი მოლოდინი მაქვს - ლადო აფხაზავა
მასწავლებელი ვლადიმერ აფხაზავა, რომელსაც რეჟიმი გამოხატვის თავისუფლების გამო ასამართლებს, ამბობს, რომ სასამართლოსგან პოზიტიური მოლოდინი არ აქვს. პედაგოგის თქმით, ნაცვლად იმისა, რომ საგაკვეთილო პროცესზე იყოს, ახლა სასამართლო პროცესზე ყოფნა უწევს.
აფხაზავა მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ მოსამართლის სახლთან გამართული აქცია მშვიდობიანი და ხანმოკლე იყო და მხოლოდ სოლიდარობის გამოხატვას ემსახურებოდა.
ყველაზე ცუდი მოლოდინი მაქვს, რატომღაც ასე ვფიქრობ, მაგრამ რა იქნება, თავად გადაწყვეტს მოსამართლე. ისეთი მდგომარეობაა საქართველოში, რომ კარგად ვერ ვფიქრობ. ძალიან სამწუხაროა, დღეს გაკვეთილზე უნდა ვყოფილიყავი და მიწევს სასამართლოში ყოფნა. მე ასეთ მშვიდ აქციაზე არასდროს ვყოფილვარ, ძალიან მოკლე ხნით, არც ცუდი სიტყვები გვიხმარია, უბრალოდ, ჩვენი სოლიდარობა გამოვთქვით, თურმე სოლიდარობა ისჯება და ძალიან სამწუხაროა, - ამბობს ლადო აფხაზავა.
ყურადღების ცენტრში ქუთაისის საქალაქო სასამართლოა, სადაც რეჟიმი გამოხატვის თავისუფლების გამო ცხრა ადამიანს ასამართლებს. საქმე ეხება ქუთაისში, მოსამართლის სახლთან გამართულ 30 წუთიან აქციას, რომელშიც მომღერლები, ჟურნალისტები, ფსიქოლოგები და მასწავლებლები მონაწილეობდნენ.
პროცესზე მოსამართლე ციცინო მოსიძემ განმარტა, რომ მოსამართლის სახლის შესასვლელის ბლოკირება ადმინისტრაციული წესით ისჯება: ძველი რედაქციით 15 დღიანი პატიმრობით, 7 თებერვალს შესული რედაქციით კი ან 5 ათას ლარიანი ჯარიმით, ან 60 დღიანი პატიმრობით.