თავდასხმა ლაშა გაბიტაშვილზე - გახარიას გუნდი განცხადებას ავრცელებს
ივანიშვილის რეჟიმი საზოგადოების დაშინებას ცდილობს, - ასე აფასებს გახარიას გუნდი დღეს დილით ლაშა გაბიტაშვილზე განხორციელებულ თავდასხმას. საგანგებოდ გავრცელებულ განცხადებაში პარტია "საქართველოსთვის" წერს, რომ ამგვარი ძალადობრივი ქმედებებით ხელისუფლება საკუთარ არალეგიტიმურობას თავად აღიარებს.
გახარიას გუნდი მიიჩნევს, რომ ივანიშვილმა ახლა მისთვის ყველაზე მთავარი - ფული და ძალაუფლება უნდა დაკარგოს, რომელსაც ახალგაზრდების სისხლის და უსამართლობის სუნი ასდის.
ლაშა გაბიტაშვილზე სამი ნიღბიანი პირის მიერ განხორციელებული თავდასხმა ნათელი გამოხატულებაა იმ რეალობის, რომელშიც ვცხოვრობთ – ეს არის ივანიშვილის ძალადობრივი ანგარიშსწორება მოქალაქეებზე.
ადამიანები, რომლებიც არჩევნებამდე მშვიდობაზე გვესაუბრებოდნენ, დღეს საკუთარ ხალხს სახლებთან უსაფრდებიან, ნიღბებს უკან იმალებიან და ფიზიკურად უსწორდებიან. ეს ქმედებები მიუთითებს ერთადერთ მიზანზე – საზოგადოების დაშინებაზე.
ცხადია, მსგავსი ძალადობრივი ქმედებებით ე.წ. ხელისუფლება თავადვე აღიარებს თავის არალეგიტიმურობას და ადასტურებს, რომ მისი არსებობა მხოლოდ ძალადობაზე დგას.
ჩვენ ახლა ვიმყოფებით გადამწყვეტ ეტაპზე, სადაც სოლიდარობა, გონიერება და სიმტკიცე იქნება ჩვენი მთავარი იარაღი, რომლითაც ივანიშვილს დავაკარგვინებთ მისთვის ყველაზე მთავარს – ფულს და ძალაუფლებას, რომელსაც ახალგაზრდების სისხლის და უსამართლობის სუნი ასდის.
ივანიშვილი და მისი რეჟიმი ვერ შეძლებს ძალაუფლების შენარჩუნებას. სამართლიანობისა და თავისუფლებისთვის მებრძოლი საზოგადოება არ შეურიგდება ძალადობას, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ლაშა გაბიტაშვილს დღეს დილით სამი ნიღბიანი თავს სახლთან, იმ დროს დაესხა, როცა ის ძაღლს ასერინებდა. ის ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, რომელიც მან ხელწერილის საფუძველზე რამდენიმე წუთის წინ დატოვა.
მომხდარს აბუ დაბის სკანდალის მონაწილე "ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუაც გამოეხმაურა, რომელიც ამტკიცებს, რომ თავდასხმასთან კავშირი არ აქვს.
უზნაძის ქუჩაზე, სადაც ლაშა გაბიტაშვილს დღეს დილით თავს დაესხნენ, კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცველები "პირველებს " უდასატურებენ, რომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო, თუმცა არ ამბობენ, ამოიღებულია თუ არა ადგილზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.
13 იანვარს "ოცნების" დეპუტატები ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად აბუ დაბიში გაუსწორდნენ. წინა დღეს აქტივისტმა მათ "მონები" და "რუსები" ეძახა.