მაჭარაშვილი ამტკიცებს, რომ გაბიტაშვილზე თავდასხმა თავად აქტივისტის პროვოცირებულია
"ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი ამტკიცებს, რომ ლაშა გაბიტაშვილზე თავდასხმა თავად აქტივისტის პროვოცირებულია. "ოცნების" დანაყოფის წევრი ფიქრობს, რომ გაბიტაშვილი სიცრუეს ავრცელებს, როდესაც მასზე თავდასხმის შესახებ ყვება. მისი მტკიცებით, აქტივისტი ცდილობს, საზოგადოებას თავი მსხვერპლად მოაჩვენოს.
როდესაც შენ ხარ პროვოცირების საგანი, როდესაც შენ პროვოცირებ, შეურაცხყოფას აყენებ და ბულინგის მცდელობა გაქვს, იქნება ეს დეპუტატი, მისი ოჯახის წევრი თუ ნებისმიერი მისი წარმომადგენელი, რომელიც შენგან პოლიტიკურად განსხვავებული აზრის მატარებელია, რა თქმა უნდა, სასურველია, რომ ეს არ გადაიზარდოს ფიზიკურ დაპირისპირებაში, მაგრამ გამოდის, რომ შენ ამას ძალით იწვევ და მერე მსხვერპლად გინდა, მოაჩვენო თავი საზოგადოებას. როგორ შეიძლება, დაიჯერო სიმართლე იმ პიროვნების, რომელიც მიდის უცხოეთში და ასე უაპელაციოდ თავს ესხმის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებს, - ამბობს მაჭარაშვილი.
ლაშა გაბიტაშვილს დღეს დილით სამი ნიღბიანი თავს სახლთან, იმ დროს დაესხა, როცა ის ძაღლს ასეირნებდა. ის ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, რომელიც მან ხელწერილის საფუძველზე დატოვა.
მომხდარს აბუ დაბის სკანდალის მონაწილე "ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუაც გამოეხმაურა, რომელიც ამტკიცებს, რომ თავდასხმასთან კავშირი არ აქვს.
უკვე ცნობილია, რომ მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.
შეგახსენებთ, რომ 13 იანვარს "ოცნების" დეპუტატები ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად აბუ დაბიში გაუსწორდნენ. წინა დღეს აქტივისტმა მათ "მონები" და "რუსები" ეძახა.