ქვეყანაში უსაფრთხოების სტანდარტი არ არსებობს - მამუკა ხაზარაძე

16.02.25 15:19
ქვეყანაში უსაფრთხოების სტანდარტი არ არსებობს - მამუკა ხაზარაძე

"ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე ბათუმში დაღუპული მცირეწლოვანი ბავშვების ოჯახებს და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პირდაპირ ამბობს, რომ ქვეყანაში უსაფრთხოების სტანდარტები აღარ არსებობს. მისი თქმით, მსგავსი ტრაგედიები ცხადყოფს ხელისუფლების გულგრილ და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას.

მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპული ბავშვების მშობლებს, ახლობლებს და მთელ საქართველოს მინდა, მივუსამძიმრო. ეს, სამწუხაროდ, პირველი შემთხვევა არ არის და მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში არ არსებობს არანაირი სტანდარტი უსაფრთხოების, განსაკუთრებით, ბავშვების მიმართულებით. ეს ეხება სკოლის შენობებს, სპორტულ მოედნებს, შადრევნებს და მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას. ეს ყველაფერი მოდის თავიდან, რანაირი დამოკიდეულებაც აქვს ხელისუფლებას  ქვეყნის სტანდარტის მიმართ, ეს ითარგმნება საბოლოო ჯამში, ასეთ ტრაგედიებში, - ამბობს მამუკა ხაზარაძე. 

ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ორი არასრულწლოვანი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა. 5 და 7 წლის ბავშვებს ბოლო 4 საათის განმავლობაში ეძებდნენ, ისინი  სწორედ თხრილში იპოვეს.   

ოპოზიცია და კორუფციის მკვლევარები მომხდარზე პასუხისმგებლობას აჭარის მტავრობას აკისრებს.