ცეცხლს ნურავინ გაეთამაშება! - წულუკიანი ემუქრება ყველას, ვინც საგამოძიებო კომისიაში გამოკითხვაზე არ მივა
თეა წულუკიანი ყველას, ვინ საგამოძიებო კომისიაში გამოკითხვაზე არ მივა, კანონის სრული სიმკაცრით დასჯით ემუქრება. საუბარია "ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვის საკითხზე, რომელზეც პარლამენტში სპეციალური საგამოძიებო კომისია უკვე 2 საათია მსჯელობს.
ჩვენ არ ვხუმრობთ და ცეცხლს ნურავინ გაეთამაშება, - განაცხადა წულუკიანმა.
საგამოძიებო კომისიისთვის უნდობლობის გამოცხადების ინსტიტუტს არ იცნობს საქართველოს კანონმდებლობა. საქართველოს კანონმდებლობა იცნობს მხოლოდ ერთ რამეს: როდესაც კომისია გიბარებს, შენ კომისიის წინაშე უნდა გამოცხადდე. მოვიდნენ ღირსეულად და წავლენ კომისიიდანაც ღირსეულად. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონი არის ძალიან მკაცრი. მე ამაზე მეტს არ ვამბობ დღეს, რომ ეს არ გააფორმოს ვინმემ მუქარად, მაგრამ საკმარისზე მეტს კი ვამბობ იმისთვის, რომ ყველა დაფიქრდეს, ითანამშრომლებს თუ არა ჩვენს კომისიასთან. ჩვენ არ ვხუმრობთ და ცეცხლს ნურავინ გაეთამაშება, - თქვა დღეს წულუკიანმა.
ერთ საათზე მეტია არაღიარებულ პარლამენტში ე.წ საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს. თეა წულუკიანი დღეიდან "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების საქმიანობის შესწავლას იწყებს. "ოცნების" დეპუტატები აცხადებენ, რომ არსებობს საკმარისზე მეტი საფუძველი, რომ მათ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია აკრძალონ.