ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანი თავის ხელქვეითებს იბარებს და შემოაქვს კანონი, რომლითაც არაფერს იხდის - ქადაგიძე ე.წ. ოფშორების კანონზე
ქართველი ოლიგარქის მიერ გადასახადებისგან თავის არიდებით საკუთარი ქონების საქართველოში გადმოზიდვას ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე "ტვ პირველის" ეთერში ეხმაურება.
გიორგი ქადაგიძე "ქართულ ოცნებას" ორმაგი სტანდარტების ქონაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ იმ ფონზე, როდესაც რიგით მოქალაქეებს აქციზისა და იმპორტის გადასახადების გადახდა უწევთ, ხოლო ბიძინა ივანიშვილს ქვეყანაში ქონება "ოფშორების" კანონის დახმარებით ბიუჯეტის ხარჯზე შემოაქვს, "ჩამორჩენილი აფრიკული დიქტატურის" მანიშნებელია.
ჩამორჩენილი აფრიკული დიქტატურა - ეს არის ის მმართველობის სტილი, რასაც გვთავაზობს ოლიგარქია. როდესაც ემიგრანტი შვილს უგზავნის ნახმარ ტელეფონს, ის ექვემდებარება განბაჟებას, დღგ-ს და სხვადასხვა გადასახადების გადახდას. როდესაც იგივე ემიგრანტი ბრუნდება საქართველოში და ავეჯს, რომელიც შეიძინა, აგზავნის ქვეყანაში, ის ექვემდებარება განბაჟებას. როდესაც თითოეული ჩვენგანი 300 ლარის ღირებულების ამანათს იწერს სხვადასხვა ონლაინ პლატფორმებიდან, ის ექვემდებარება გადასახადებს.
ამ დროს ქვეყნის ყველაზედ მდიდარი ადამიანი იბარებს თავის ხელქვეითებს, რომელსაც პარლამენტს უწოდებს და შემოაქვს კანონი, რომლითაც ის არაფერს იხდის. ეს ადამიანები, ვინც საკუთარ თავის პარლამენტარებს უწოდებენ, გამოდიოდნენ შარშან და თავის ამომრჩეველს უმტკიცებდნენ, რომ ოფშორების კანონი მიღებულია იმისთვის, რომ თითქოს საქართველოში მოიზიდონ ინვესტიციები და როგორ ააყვავებს ქართულ ეკონომიკას. ასეთი რამე ხდება მხოლოდ ჩამორჩენილ აფრიკულ დიქტატურაში", - ამბობს გიორგი ქადაგიძე.
მილიარდების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა ხელოვნების ნიმუშების გადამალვა დაიწყო - ფინანსთა სამინისტროს იმპორტის ოფიციალური მონაცემებით ირკვევა, რომ 2025 წლის იანვარში საქართველოში მხოლოდ, დიდი ბრიტანეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან, სამ ნაწილად, 480 658 330 აშშ დოლარის ღირებულების ნახატები შემოვიდა. შემოტანილი ხელოვნების ნიმუშების წონა 6 ტონას აჭარბებს, ამაში შედის ნახატების შეფუთვა და დამცავი კონსტრუქციები.
ოლიგარქს, როგორც ჩანს, გადასახადებში არც ერთი თეთრი არ გადაუხდია და ოფშორების კანონი გამოიყენა, რადგან დღგ რეკორდული ღირებულების ნახატების შემოტანის მიუხედავად იანვარში შემცირდა.