აქტივისტი მოსამართლეს - თქვენ არ ხართ ღირსი გეცვათ მანტია, თქვენ არ უნდა ასამართლებდეთ ხალხს

18.02.25 13:50
აქტივისტი მოსამართლეს - თქვენ არ ხართ ღირსი გეცვათ მანტია, თქვენ არ უნდა ასამართლებდეთ ხალხს

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტი ისაკო დევიძე  სამართალდამრღვევად ცნო და 5 000 ლარით დააჯარიმა. 

გადაწყვეტილება მოსამართლე  კობა ჩაგუნავამ მიიღო - მანვე სამართალდამრღვევებად ცნო აქტივისტი მარიამ გაჩეჩილაძე, თუმცა მას მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.

ისაკო დევიძეს  და მარიამ გაჩეჩილაძეს შსს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა.

გადაწყვეტილების გამოტანამდე ისაკო დევიძემ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

„იქიდან გამომდინარე, რომ არათუ მხოლოდ მე და თქვენ გვახსოვს ჩემი წინა სასამართლო, არამედ მთელ საზოგადოებას, ქართველ ხალხს და საქართველოს ისტორიას ახსოვს და იმახსოვრებს. აქედან გამომდინარე, მინდა ვთქვა, თქვენ არ ხართ ღირსი გეცვათ მოსამართლის მანტია… თქვენ არ უნდა ასამართლებდეთ ხალხს. ვტოვებ პროტესტის ნიშნად სასამართლოს. თქვენ არ უნდა იყოთ მოსამართლე და თქვენ არ უნდა ასამართლებდეთ ხალხს“, - მიმართა ისაკო დევიძემ მოსამართლეს. 

ისაკო დევიძესთან ერთად სხდომა დატოვა ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემაც. აღსანიშნავია, რომ ისაკო დევიძე მოსამართლე კობა ჩაგუნავამ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო 3500 ლარით უკვე ჰყავდა დაჯარიმებული.