ჯარიმის ქვითრები აქციის მონაწილეებს - ვის კარზე დააკაკუნა დღეს რეჟიმის რეპრესიებმა

20.02.25 20:39
ჯარიმის ქვითრები აქციის მონაწილეებს - ვის კარზე დააკაკუნა დღეს რეჟიმის რეპრესიებმა

ბიუჯეტის შევსება უკანონოდ დაჯარიმებული ხალხის ფულით - ეს რეჟიმის ახალი მეთოდია. სამიზნეა ყველა, ვისაც საპროტესტო აქციაში მონაწილეობა მიუღია. გზის გადაკეტვის ბრალდებით დაჯარიმებული ადამიანებისა და გამოწერილი ჯარიმების რაოდენობა უკვე კოლოსალურ რაოდენობაზეა ასული. ერთი და იგივე ადამიანს ორჯერ, სამჯერ და ოთხჯერაც კი მისდის სახლში საჯარიმო ქვითარი.

საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის გუნდში წლები იმუშავა, სისტემამ სამართალდამრღვევად გამოაცხადა და აქციაში მონაწილეობის გამო 5 ათასი ლარით დააჯარიმა. არადა, ეკა სირაძე 16 თებერვალს აქციაზე ტროტუარზე იდგა. "ქართული ოცნების" მიერ საფრანგეთში ელჩად წარდგენილი ეკა სირაძე არ გეგმავს, დაემორჩილოს "ოცნების" დღის წესრიგს და საჯარიმო ოქმის გასაჩივრებას აანონსებს. 

ივანიშვილის რეჟიმი აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ჯარისკაცების შვილებსაც მიადგა. ჯარიმის ქვითარი გიორგი კირაკოზაშვილს გაუგზავნეს. სტუდენტი, რომელიც ქვეყნის გარუსებას აპროტესტებს და საქართველოს ევროპული მომავლისთვის მამის მსგავსად იბრძვის, გომელაურის უწყებამ 5 ათასი ლარით დააჯარიმა.

ნადიმ ხმალაძეს უკვე მეხუთე ჯარიმა ჩააბარეს. მას ერთ დღეში ორჯერ მიუტანეს საჯარიმო ქვითარი. ჯამში, ხმალაძეს სახელმწიფოსთვის 25 ათასი ლარის ჯარიმის გადახდა მოუწევს. ხმალაძე თვლის, რომ "ოცნების" ხელისუფლება მას უკრაინაში ბრძოლას და ქვეყნის სამსახურში დგომას ვერ პატიობს და ფინანსურ ტერორს უწყობს.

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები