მამაცაშვილის მამული ფართოვდება - ოპოზიცია კორუფციულ სქემებზე ალაპარაკდა
ქართველი ოლიგარქის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის მიერ წყნეთში ქონების გაფართოების უკან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კორუფციულ სქემებს ხედავენ.
კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი, ანა გოგოლაძე დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნების" ახლო გარემოცვა სწორედ კორუფციული გარიგებებით აგრძელებს გამდიდრებას იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მოქალაქეები ქუჩაში უწყვეტად საკუთარი სიცოცხლისა და ფინანსური კეთილდღეობის ხარჯზე დგანან.
მაშინ, როდესაც საქართველოს ასიათასობით მოქალაქე დგას ქუჩაში და საკუთარი სიცოცხლის, ჯანმრთელობის და ფინანსური კეთილდღეობის ხარჯზე აპროტესტებს ამ ქვეყნის ანტიდასავლურ კურსს, ამ დროს "ქართული ოცნების" ახლო გარემოცვა აგრძელებს კორუფციული გზებით გამდიდრებას." - განაცხადა ანა გოგოლაძემ.
პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, გიორგი შარაშიძე კი პროცესებში თბილისის მერიის, ეკონომიკის სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს როლს კვეთს. გიორგი შარაშიძე ამბობს, რომ მოცემული სამი უწყების კოორდინირებული ქმედებებით უჩა მამაცაშვილისთვის მიწის ნაკვეთების დაკანონება შესაძლებელი გახდა.
აქ ჩართულია, ერთი მხრივ, თბილისის მერია, რომელმაც სამჯერ ნაკლებ ფასად გაყიდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწა. აქ ჩართულია ეკონომიკის სამინისტრო და იუსტიციის სამინისტრო. ამ სამი სახელმწიფო უწყების ერთობლივი, კოორდინირებული ქმედებით შესაძლებელი გახდა უჩა მამაცაშვილისთვის მიწის ნაკვეთების დაკანონება. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ რეჟიმი მოქმედებს ეფექტურად, მაგრამ სამწუხაროდ ეს ეფექტურობა არ აისახება ხალხზე". - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
"ბანქოს სახლი ქართულად: მამაცაშვილის მამული ფართოვდება" - ამ სათაურით აქვეყნებს საგამოძიებო სტატიას Forbes Georgia, რომელიც წერს, რომ უჩა მამაცაშვილმა წყნეთში მდიდრული რეზიდენციის მშენებლობის ნებართვის მოპოვება არარეალისტურად მჭიდრო ვადებში შეძლო.
მათივე ცნობით, კაკლებში 9,000 კვადრატულ მეტრზე გადაჭიმული პრესტიჟული ნაკვეთის ნაწილი ძმამ, არჩილ მამაცაშვილმა თბილისის მუნიციპალიტეტისგან საბაზრო ღირებულებაზე ბევრად დაბალ ფასად შეიძინა და მოგვიანებით, უჩა მამაცაშვილს უსასყიდლოდ გადასცა.
მამაცაშვილების ოჯახის კუთვნილი მიწის ნაკვეთები კაკლებში საერთო ჯამში 8,655 კვადრატულ მეტრს შეადგენს და ბიზნესმენის მეუღლის, ლელა მამაცაშვილის სახელზეა რეგისტრირებული. ადგილი, სადაც მამაცაშვილების სახლი აშენდება, 10 ცალკეულ მიწის ნაკვეთს აერთიანებს. ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ეს ქონება მათ სხვადასხვა გზით — შესყიდვით, ჩუქებითა და საეჭვო გარემოებებში წარმართული პრივატიზაციის პროცესით მოიპოვეს.