"ბანქოს სახლი ქართულად: მამაცაშვილის მამული ფართოვდება" - Forbes Georgia

21.02.25 12:02
"ბანქოს სახლი ქართულად: მამაცაშვილის მამული ფართოვდება" - Forbes Georgia

"ბანქოს სახლი ქართულად: მამაცაშვილის მამული ფართოვდება" - ამ სათაურით აქვეყნებს საგამოძიებო სტატიას Forbes Georgia, რომელიც წერს, რომ უჩა მამაცაშვილმა წყნეთში მდიდრული რეზიდენციის მშენებლობის ნებართვის მოპოვება არარეალისტურად მჭიდრო ვადებში შეძლო.

მათივე ცნობით, კაკლებში 9,000 კვადრატულ მეტრზე გადაჭიმული პრესტიჟული ნაკვეთის ნაწილი ძმამ, არჩილ მამაცაშვილმა თბილისის მუნიციპალიტეტისგან საბაზრო ღირებულებაზე ბევრად დაბალ ფასად შეიძინა და მოგვიანებით, უჩა მამაცაშვილს უსასყიდლოდ გადასცა. 

მამაცაშვილების ოჯახის კუთვნილი მიწის ნაკვეთები კაკლებში საერთო ჯამში 8,655 კვადრატულ მეტრს შეადგენს და ბიზნესმენის მეუღლის, ლელა მამაცაშვილის სახელზეა რეგისტრირებული. ადგილი, სადაც მამაცაშვილების სახლი აშენდება, 10 ცალკეულ მიწის ნაკვეთს აერთიანებს. ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ეს ქონება მათ სხვადასხვა გზით — შესყიდვით, ჩუქებითა და საეჭვო გარემოებებში წარმართული პრივატიზაციის პროცესით მოიპოვეს.

განსაკუთრებით საყურადღებოა 2018 წელს თბილისის მერიის მიერ აუქციონზე გატანილი ორი ნაკვეთი (542 კვ.მ და 437 კვ/მ — ჯამში 1014 კვ/მ). პირველი აუქციონი 2018 წლის 22 მაისს გამოცხადდა, ხოლო მეორე — 1 ივნისს. ორივე შემთხვევაში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა დაინტერესებულმა პირმა მიიღო და აუქციონის დასრულების შემდეგ ავტომატურად გაიმარჯვა. ორივე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე უჩა მამაცაშვილის ძმა არჩილ მამაცაშვილი გახდა.

არჩილ მამაცაშვილმა 1,014 კვადრატული მეტრი მიწა 144,829 ლარად შეიძინა: 542 კვ/მ მიწის ნაკვეთი — 80,025 ლარი (კვადრატულის ღირებულება —147,6 ლარი); 437 კვ/მ მიწის ნაკვეთი — 64,804 ლარი (კვადრატულის ღირებულება —148 ლარი) იმავე პერიოდში კაკლებში მიწის საშუალო საბაზრო ფასი 120-150 დოლარი იყო კვადრატულ მეტრზე მამაცაშვილებმა მიწის შეძენა მხოლოდ 147-148 ლარად მოახერხეს.

2021 წლის 18 აგვისტოს არჩილ მამაცაშვილმა ორივე ქონება ძმას, უჩა მამაცაშვილს უსასყიდლოდ გადასცა. საინტერესოა, რომ პირველი რეგისტრაციისას დაშვებული იყო ბიუროკრატიული შეცდომა, რის გამოც მოთხოვნა ქონების უსასყიდლოდ გადაცემაზე თავდაპირველად შეჩერდა: უჩას ნაცვლად, დოკუმენტში რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქის, ვახტანგ კარიჭაშვილის პირადი ნომერი იყო შეყვანილი — ეს ადამიანი უჩას ბიზნეს პარტნიორია და რუსეთში ღვინის ექსპორტით დაკავებული ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი კომპანიების, Bolero & Company-სა და GVMT Group-ის მფლობელია. როგორც კი შეცდომა გამოსწორდა, უჩა მამაცაშვილმა მიწა 2022 წელს ლელა მამაცაშვილს გადასცა.

საინტერესოა, რომ სსიპ ქონების სააგენტო ორივე ნაკვეთს უწესებდა შეზღუდვას “დარეგისტრირებული კონფიგურაციის მშენებლობის უფლების გარეშე” — აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე არ დაიშვებოდა მშენებლობა, თუ არ მოხდებოდა მისი გაერთიანება მომიჯნავე მიწის ნაკვეთებთან (საკადასტრო ერთეულებთან).

აღნიშნული შეზღუდვა მარტივად გაუქმდა 2023 წელს, როდესაც ლელა მამაცაშვილმა მომიჯნავე მიწის ნაკვეთები საკუთრებაში დაირეგისტრირა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მიწების ნაწილს განსხვავებული დანიშნულება ჰქონდა. იმისათვის, რომ ლელა მამაცაშვილს მიწები ერთ ნაკვეთად გაეერთიანებინა და დაერეგისტრირებინა, საჭირო იყო, რომ თითოეულ მიწის ნაკვეთს ერთი და იმავე დანიშნულება ჰქონოდა (არასასოფლო-სამეურნეო). საინტერესოა, რომ სამ შემთხვევაში წინა მესაკუთრეებს საჯარო რეესტრი მიწის დანიშნულების ცვლილების უფლებას არ აძლევდა, თუმცა როცა 2023 წელს ლელა მამაცაშვილმა მოისურვა მიწის ნაკვეთების სისტემური დანიშნულების შეცვლა, საჯარო რეესტრმა თანხმობა უპრობლემოდ გასცა.

ე.წ. კაკლების დასახლებაში უჩა მამაცაშვილის ოჯახის საცხოვრებელი სახლი ნამდვილად არ იქნება მოკრძალებული. 3500 კვადრატულ მეტრზე განთავსდება კეთილმოწყობილი ბაღი, მის შუაგულში კი - ბაც ფერებში გადაწყვეტილი ფილებითა და ვიტრაჟებით გაფორმებული საცხოვრებელი ნაგებობა. პროექტის თანახმად, შენობა სამსართულიანი იქნება და მას ორი დამხმარე ნაგებობა ექნება, საერთო ფართობით - 2302.8 კვ/მ. 

პროექტის გაცნობის შემდეგ ნათელი ხდება, რომ მამაცაშვილების სახლი თბილისის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული საცხოვრებელი იქნება. 

საგამოძიებო სტატია ვრცლად მოცემულ ბმულზე იხილეთ.