სანდრო ცნობილაძე: “დამაწიოკეს”
"დამაწიოკეს" - ამის შესახებ ცნობილმა ქართველმა კომენტატორმა, სანდრო ცნობილაძემ მის სახლში ჩხრეკის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ჟურნალისტი გამომძიებლების ვიზიტს მის სამოქალაქო პოზიციას და პროევროპულ აქციებში მონაწილეობას უკავშირებს.
სახლში მყავს 81 წლის დედა, რომელიც სასტიკად გაანერვიულეს. მათი ფორმა ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო.
ამოიღეს ლეპტოპები, ამოიღეს დისკები და ძალიან სასაცილოა. იმიტომ, რომ იმ დისკებზე არის 9 აპრილის ფილმი გაციფრულებული; 90 წლების რაღაცები, რაც დედაჩემს ჰქონდა კასეტებზე და მერე არის გაციფრულებული; შეიძლება, რაღაც საფეხბურთო ამბები არის იმ დისკებზე.
ჩემი ტელეფონი აქვთ, ასევე, ამოღებული. იყო იქ რაღაცები ჩემი შვილის მისამართით, რომ ტელეფნს წაგართმე და ა.შ. მოკლედ, დამაწიოკეს.
ჩემთვის ეს ცოტა სასაცილო ამბავია, მაქსიმუმი, რაც ჩემგან ამოიღეს არის, რომ ნახონ არგენტინის ნაკრების წარმატებები და ხვიჩა კვარაცხელიას გოლები. არის ჩვეულებრივი, შანტაჟის მეთოდია, ყველამ ძალიან კარგად იცის და კიდევე ერთხელ ვიტყვი, რომ მაინც ყველა შემთხვევაში ყოველ დღე ვიდგები აქციებზე, ყოველდე გავაპროტესტებ"- აცხადებს სანდრო ცნობილაძე.
ცნობილი კომენტატორის ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე ამბობს, რომ საქმე თავიდან ბოლომდე პოლიტიკურად მოტივირებულია.
რას უკავშირდება ეს ყველაფერი? ბატონ სანდროს ხმაზე არის გაზრდილი საქართველოს ახალგაზრდობა. მთელი ცხოვრება სამშობლოს ემსახურებოდა, ემსახურებოდა საქართველოს და დღესაც სამშობლოს ემსახურება, ემსახურება საქართველოს და სწორედ ამიტომ შემოვარდნენ დღეს ეს გამომძიებლები.
ააწიოკეს ოჯახი. არ მისცეს უფლება ადვოკატს, თავიდანვე დასწრებოდა აღნიშნულ ჩხრეკას. ანერვიულეს სანდროს დედა. საზოგადოებისთვის მინდა განვმარტო, რომ რაიმე მტკიცებულება რომ არსებობდეს აღნიშნულ საქმეში, დღეს ბატონი სანდრო ეყოლებოდათ დაკავებული”, - განაცხადა ადვოკატმა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურში ამბობენ, რომ კომენტატორ სანდრო ცნობილაძის სახლში ჩხრეკა დაზარალებული ქალის მიმართვის საფუძველზე მიმდინარეობდა.
გამომძიებლმა, ვასილ კაკაშვილმა მედიას განუცხადა, რომ საქმე ეხება პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის ფოტოების უკანონოდ მოპოვებას.