"ოცნებამ" დააინიცირა, კანონპროექტი, რომელზეც კობახიძე ამბობდა, რომ "სრული კატასტროფა" იყო და მის მიღებას "ვერ იკადრებდა"

24.02.25 16:48
"ოცნებამ"  დააინიცირა, კანონპროექტი, რომელზეც კობახიძე ამბობდა, რომ "სრული კატასტროფა" იყო და მის მიღებას "ვერ იკადრებდა"

ბიძინა ივანიშვილის პარლამენტში  ამერიკული „FARA-ს ქართულენოვანი თარგმანი“ დარეგისტრირდა. „ოცნების“ წევრები ამტკიცებენ, რომ ესაა ამერიკული კანონის ზუსტი თარგმანი.

ირკვევა, რომ FARA-ს სიტყვა-სიტყვით ნათარგმნ პროექტში მათ შორის გადმოტანილია ტერმინები - „აშშ-ს პრეზიდენტი“, „კონგრესი“, „სახელმწიფო დეპარტამენტი“, „ხაზინის მდივანი“

დღესვე გაირკვა, რომ "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში დააინიცირა, კანონპროექტი, რომელზეც ირაკლი კობახიძე 2023 წლის 21 თებერვალს ამბობდა რომ "ამერიკული კანონი სრული კატასტროფა იყო და ასეთის მიღებას ვერ იკადრებდნენ". 

ბიუროს სხდომაზე, პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ტაბატაძემ დაადასტურა, რომ ინიციატივა აშშ-ში მოქმედი საკანონმდებლო აქტის ქართულენოვანი თარგმანია.

„წარმოდგენილი ინიციატივა გახლავთ აშშ-ში დღეს მოქმედი საკანონმდებლო აქტის ქართულენოვანი თარგმანი, შესაბამისად, წარმოდგენილი ინიციატივა ერთგვარ სამართლებრივ და შინაარსობრივ უზუსტობებს შეიცავს, რაც მომავალში აუცილებლად დასაკონკრეტებელი იქნება.

კანონის აღსრულების პროცესში მონაწილე სახელმწიფო ორგანოები და თანამდებობის პირები, რომლებიც აშშ-ში არის ამ კანონისთვის, ქართულ რეალობასთან შეუსაბამოა.

მაგალითად, საქმე ეხება კანონპროექტში მოხსენიებულ ორგანოს, მაგალითად, კონგრესს, კონგრესის ბიბლიოთეკას, სახელმწიფო დეპარტამენტს, იუსტიციის დეპარტამენტს, ხაზინის მდივანს, ფოსტის გენერალურ დირექტორს, აშშ-ის პრეზიდენტს და ა.შ. რაც გარკვეულწილად უნდა იყოს ქართულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანილი. შესაბამის საკანონმდებლო აქტებში ცვლილების საჭიროებაა, თუმცა პაკეტს მხოლოდ სისხლის სამართლის კანონპროექტი ახლავს თან და დანარჩენი საკანონმდებლო აქტების პროექტები თანდართული არაა“, – განაცხადა მან.

„ოცნების“ წევრის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, მათთვის ცნობილია კანონპროექტის შეუსაბამობა ქართულ რეალობასთან, თუმცა მათი მიზანი აშშ-ის კანონმდებლობის ზუსტი თარგმანი იყო, დანარჩენი კი საპარლამენტო მოსმენებისას გამოსწორდება.

გორდულაძის სიტყვით გამოსვლის შემდეგ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტში განხილვის პროცესში ტერმინოლოგიას მოიყვანენ შესაბამისობაში ქართულ რეალობასთან.

„აგერ არის კანონპროექტი, რომელიც არის სიტყვასიტყვითი თარგმანი. ყველა სიტყვა, ყველა ტერმინი, ყველა მძიმე, ყველა წერილი არის იდენტური აშშ-ში მოქმედი კანონისა. საზოგადოებას და დაინტერესებულ პირებს ე.წ. თრექ ჩეინჯით შეუძლიათ დააკვირდენ, რა შეიცვლება ამ კანონში“, - თქვა პაპუაშვილმა.