კახა საბანაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობას ტოვებს

23.03.21 10:00
კახა საბანაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობას ტოვებს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კახა საბანაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ საბანაძემ სოციალურ ქსელში თავად დაწერა. 

მსურს, გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში მედიაში გასულ სიუჟეტებს და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ წლების განმავლობაში ვემსახურებოდი სახელმწიფოს და ვიცავდი კანონს, რომლის ზედმიწევნით აღსრულებაც იყო, არის და იქნება ჩემთვის უპირველესი.ვფიქრობ, რომ ზემოხსენებულ ფაქტებს სჭირდება შესწავლა, შესაბამისად, უნდა ჩატარდეს სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, რომელიც დაადგენს სიმართლეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგამოძიებო პროცესის მიმართ ნდობის უზრუნველყოფის მიზნით, ვტოვებ თანამდებობას! ვფიქრობ, ეს იქნება პრეცედენტი ყველა თანამდებობის პირისათვის, საზოგადოებაში ობიექტურად გაჩენილი კითხვების შემთხვევაში იმოქმედოს პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტით.მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ღირსეულ პოლიციელს, ვისთან ერთადაც წლების განმავლობაში ვიმუშავე. სისტემაში მუშაობენ გმირები, რომელთა მხრებზეც დგას ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, მინდა წარმატება ვუსურვო მათ სამშობლოს სამსახურში,- წერს საბანაძე.

კახაბერ საბანაძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მის შესახებ არაერთი სიუჟეტი მომზადდა. ტვ პირველის ეთერში სკანდალური აუდიოჩანაწერები გავიდა, სადაც ის 20 ივნისის ღამეს ბრძანებებს არა რაციით, არამედ ხმოვანი შეტყობინებებით  გასცემდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, ივანე გულაშვილმა ერთ-ერთ ტელეეთერში თქვა, რომ  უკანონო დავალებებს ის კახაბერ საბანაძისგან იღებდა.