"ქართული ოცნება" ოკუპანტის ინტერესებს ემსახურება - ნაცვლიშვილი

28.02.25 17:37
"ქართული ოცნება" ოკუპანტის ინტერესებს ემსახურება - ნაცვლიშვილი

"როდესაც ოკუპანტი რუსეთისა და "ოცნების" ტყუილები ერთი-ერთში ემთხვევა, აღარანაირ სივრცეს აღარ ტოვებს ეჭვისათვის, რომ ივანიშვილის გუნდი ოკუპანტის ინტერესებს ემსახურება" - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, რუსეთის საგარეო დაზვერვის გუშინდელი განცხადებები და ივანიშვილის რეჟიმის მესიჯბოქსი იმის ნათელი მტკიცებულებაა, თუ ვის წარმოადგენს დღეს "ოცნება". 

როდესაც ოკუპანტი რუსეთისა და „ქართული ოცნების“ გზავნილები და ტყუილები ერთი-ერთში ემთხვევა ევროკავშირთან და საქართველოს ათიათასობით მოქალაქესთან დაკავშირებით, რომლებიც „ქართული ოცნების“ ძალადობას აპროტესტებენ, ეს აღარ ტოვებს აღარანაირ სივრცეს ეჭვისათვისაც, რომ „ქართული ოცნება“ ოკუპანტის ინტერესებს ემსახურება და არა ქართველი ხალხის ინტერესებს. ამიტომაა, რომ „ქართული ოცნება“ იმ ტყუილებსა და დეზინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც ოკუპანტი სახელმწიფოს დაზვერვა და ეს დღესავით ნათელი მტკიცებულებაა, თუ ვის წარმოადგენს დღეს „ქართული ოცნება“. - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. 

რუსეთის საგარეო დაზვერვის მორიგი პროპაგანდისტული განცხადება - პუტინის დაზვერვა ირწმუნება, რომ ევროკავშირი გეგმავს, საქართველოს საპროტესტო აქციის მონაწილეებს დღეში 120 ევრო გამოუყოს და ქუჩის პროტესტი განავითაროს.