"ოცნება": საქართველოსთვის მოსახერხებელია ჩინური ინვესტიცია
ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ჩინური გავლენების წინააღმდეგ ბრძოლის დაანონსებისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გამოყენებით, საქართველოსთვის ისტორიული შანსის გაჩენასთან დაკავშირებით ოლიგარქის გუნდში პირველ კომენტარებს აკეთებენ.
"ქართული ოცნების" წევრი, გია ვოლსკი აცხადებს, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდგომარეობა გააჩნია, რის გამოც, მისივე მტკიცებით, ქვეყნისთვის ჩინური ინვესტიცია ბევრად უფრო მოსახერხებელია, ვიდრე ამერიკული.
"უკან არ უნდა დავიხიოთ იმ პროცესებისგან, რომელიც გვაინტერესებს და ჩვენი ქვეყნისთვის არის პრიორიტეტული" - ამბობს ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატი.
საქართველოს სასარგებლო წიაღისეული არ გააჩნია. მას ეს გეოგრაფიული მდგომარეობა გააჩნია და უნდა გამოიყენოს მაქსიმალურად. ამ შემთხვევაში, მისთვის მოსახერხებელია ჩინური ინვესტიცია. აქ არიან კიდევ სხვა ქვეყნებიც ჩართულები. ჩვენთვის თანამშრომლობა დასავლეთსა და აზიას შორის არის ყველაზე კარგი ვარიანტი, ფორმულა. პროცესები მიმდინარეობს, უკან არ უნდა დავიხიოთ იმ პროცესებისგან, რომელიც გვაინტერესებს და ჩვენი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი". - განაცხადა გია ვოლსკიმ.
იმავე პოზიციას იზიარებს "ხალხის ძალის" ლიდერი, გურამ მაჭარაშვილიც, რომლის მტკიცებითაც, ჩინური კომპანიისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ჩაბარება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს წარმოადგენს.
ჩვენ, საქართველოს გვინდა ყველა ნორმალურ ქვეყანასთან ურთიერთობა. გვინდა ჩვენი ქვეყნის ინტერესები, პირველ რიგში. შემდგომ დანარჩენი ქვეყნის ინტერესები. ჩინეთთან ურთიერთობას ამერიკა ალაგებდა და დაალაგებს. აცხადებს კიდევაც ტრამპი, რომ მითუმეტეს ომსაც კი არ აპირებს და არც ურთიერთობის დაძაბვას არა მარტო ჩინეთთან, არამედ რუსეთთანაც. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ჩვენ ახლა შემოვიფარგლოთ იმით, რომ დაველოდოთ, ამერიკა რომელ სახელმწიფოსთან რა განცხადებას გააკეთებს და იმის მიხედვით ვიმოქმედოთ. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე". - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ჩინური გავლენების წინააღმდეგ ამერიკელმა კანონმდებლებმა მუშაობა დაიწყეს - კონგრესში დაინიცირებული ორპარტიული აქტით ამერიკელი პოლიტიკოსები სტრატეგიული მნიშვნელობის პორტებში ჩინურ ინტერესებთან ბრძოლას აანონსებენ.
ექსპერტებისა და ანალიტიკოსების შეფასებით, ამ პროცესების პარალელურად, საქართველოს ისტორიული შანსი უჩნდება. მათი თქმით, ახლა "ქართულ ოცნებაზეა" დამოკიდებული, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად დააბრუნებს თუ არა ანაკლიის პორტში ამერიკულ ინვესტიციებს.