რუსეთის საგარეო უწყების მოთხოვნა - "ქართულ ოცნებაში" კომენტარს აკეთებენ

07.03.25 17:25
რუსეთის საგარეო უწყების მოთხოვნა - "ქართულ ოცნებაში" კომენტარს აკეთებენ

"ქართული ოცნება" რუსეთის მიერ ახალი მოთხოვნების გაჟღერებას წინა ხელისუფლებას აბრალებს - ივანიშვილის გუნდი ამტკიცებს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. საზღვრების დემარკაციის შესახებ პუტინის რუსეთის მოთხოვნა არა მმართველი პარტიის, არამედ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. 

"ქართული ოცნების" წარმომადგენელი, გია ვოლსკი იმასაც ამტკიცებს, რომ ქალაქ გორში ბიძინა ივანიშვილის მიერ ოსებისთვის ბოდიშის მოხდა "ვაჟკაცური პოზიციაა". 

რუსეთის პოზიცია არ შეცვლილა. თავიდან ამბობდნენ, რომ საზღვრების დემარკაციაა საჭირო. სააკაშვილი დაითრიეს, ორმაგი თამაში ითამაშა. რუსეთს, პრაქტიკულად, ჩააბარა ყველაფერი. ოკუპაციისთვის ვინც გაწირა ქვეყანა, დღეს მაგ შეკითხვას ისინი სვამენ, რომ რუსეთი თურმე ყოყლოჩინობს, შეკითხვებს სვამს, რაღაც პოლიტიკურ განვითარებებს გვთავაზობს.

აქამდე როგორ მივედით, ეს არის უბედურება. იმ ბოდიშმა კი არ იმუშავა ცუდად. სანამ ბოდიში ითქმებოდა, იქამდე იყო. ბოდიშს სხვა დატვირთვა აქვს, ბოდიში არ არის ქედის მოხრა, ბოდიში არის ვაჟკაცური პოზიცია ცენტრის, თბილისის. ადამიანებს შორის ურთიერთობის თემა ჩვენს დღის წესრიგში მუდმივად იქნება". - განაცხადა გია ვოლსკიმ. 

ირაკლი ზარქუაც გია ვოლსკის პოზიციას იმეორებს და ისრები "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებისკენ გადააქვს - "ის განცხადებები, რაც რუსეთიდან კეთდება, დამსახურებაა სააკაშვილის იმ პოლიტიკის, რაც მან გააკეთა".

ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენელი იმასაც კი ირწმუნება, რომ "აფხაზეთის ომთან მიმართებით შეცდომა დაშვებული ყველა მხრიდან იყო, ამიტომ "ქართულმა ოცნებამ" მისივე წილი ბოდიში სამართლიანად მოიხადა". 

რუსეთთან ჩვენ გვაქვს ბუნებრივი ბარიერი, ეს არის კავკასიონის ქედი. რაც შეეხება შიგნით სახელმწიფოში, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ რაღაც სადემარკაციო, რაღაც ხაზები გაევლოს. არა, გამორიცხულია. ის განცხადებები, რაც რუსეთიდან კეთდება, დამსახურებაა სააკაშვილის იმ პოლიტიკის, რაც მან გააკეთა. ეს სადემარკაციო ხაზი მიყვება იმ ხაზს, რაც მაშინ სააკაშვილმა გაავლო. რაც შეეხება ბოდიშს, ჩვენ გვგონია, რომ აფხაზეთის ომთან მიმართებით ყველა მხრიდან იყო შეცდომა დაშვებული, ორივე მხრიდან. ჩვენ ჩვენი წილი ბოდიში მოვიხადეთ სამართლიანად". - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.      

რუსეთს ივანიშვილის რეჟიმთან ახალი მოთხოვნა აქვს. სერგეი ლავროვის უწყება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დაწყებას ელოდება.