ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების ალბათობა იზრდება - გიგი უგულავა

23.03.21 12:30
ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების ალბათობა იზრდება - გიგი უგულავა

ოპოზიციის ლიდერები  ამერიკის სენატში დღეს საქართველოს შესახებ მსჯელობა დაწყებას ეხმიანებიან. ისინი ვარაუდობენ, რომ დასავლეთი ჩვენს ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად ქმედით და ხისტ ნაბიჯებს გადადგამს. ,,ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ ,,ოცნება", ჩიხში შევიდა და მის ლიდერებს სანქციები ემუქრება.

,,ოცნება" სპირალში შევიდა, რომლის გამოსავალი არის რიგგარეშე არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, სანქციების ალბათობა სულ უფრო იზრდება, რადგან ჩვენ ვხედავთ სანქციებს ბელორუსში, მოლდოვაში, უკრაინაში, ამ თვალსაზრისით ივანიშვილი ნამდვილად არ იქნება გამონაკლისი  - აღნიშნავს გიგი უგულავა.

 

,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, ხატია დეკანოიძეს, მიაჩნია, რომ სენატის სხდომაზე საქართველოს ხელისუფლების მისამართით მკაცრი შეფასებები გაკეთდება.

უმნიშვნელოვანესი დღეა, ვფიქრობ, მკაცრი და სერიოზული გზავნილები ექნებათ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, თუ კიდევ ერთხელ ხელი ჰკრეს ევროპას, ვფიქრობ, ბერკეტებს აამოქმედებს თავისუფალი სამყარო - ვარაუდობს ხატია დეკანოიძე

პარტია ,,სამართლიანობისთვის" ლიდერი, ეკა ბესელია, შეფასებებში ეთანხმება პოლიტიკურ პარტნიორებს და მიიჩნევს, რომ დასავლეთი ,,ოცნების" ქმედებებს რეაგირების გარეშე არ დატოვებს.

იმდენად იმედგაცრუებულია ევროპული ოჯახი ,,ქართული ოცნების" ქმედების გამო, არა მგონია, ეს ფაქტი რეაგირების გარეშე დარჩეს. დარწმუნებული ვარ, ,,ოცნებამ" შვებით ამოისუნთქვა, როცა მომლაპარაკებელი გაისტუმრეს ქვეყნიდან, ,,ოცნებას" არა აქვს მზაობა, რომ მოლაპარაკება რამე შედეგით დასრულდეს- აღნიშნავს ეკა ბესელია.

,,ტრიბუნას" ლიდერი, დავით ჭიჭინაძე, ვარაუდობს, რომ ევროპელი კოლეგებისგან განსხვავებით, საქართველოს ხელისუფლების მისამართით ამერიკელი პოლიტიკოსები უფრო ხისტ შეფასებებს გააკეთებენ. 

გზავნილი იქნება საკმაოდ გასაგები და ,,ოცნებას" მოუწევს, ამას ანგარიში გაუწიოს, რადგან ამერიკელები უფრო ხისტად მოქმედებენ, ვიდრე ევროპელი პარტნიორები - აღნიშნავს დავით ჭიჭინაძე.

 

ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დღეს საქაღთველოს შესახებ მსჯელობა გაიმართება.  მსჯელობა რამდენმე საათში დაიწყება. სხდომას გაუძღვება სენატორი ჯინ შაჰინი, რომელიც,,ოცნების" მისამართით მწვავე კრიტიკით გამოირჩევა.