კობახიძის თავდასხმა ელჩებზე - რა მოლოდინი აქვს ოპოზიციას
"ქართული ოცნების" მიერ საქართველოში აკრედიტებულ ელჩებზე მიტანილი იერიშის შემდეგ, ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილის რეჟიმმა არასასურველი დიპლომატები ქვეყნიდანაც კი გააძევოს.
- საუბარია ირაკლი კობახიძის მიერ ელჩებზე გაკეთებულ ხმაურიან განცხადებებზე. "ქართული ოცნების" ლიდერმა დიპლომატები ვენის კონვენციის უხეშ დარღვევაში დაადანაშაულა.
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი ფიქრობს, რომ მმართველი პარტიის შემდეგი ნაბიჯი დიპლომატებისთვის აკრედიტაციის ჩამორთმევა და მათთვის უფლებამოსილების შეჩერება იქნება.
საქართველოს აქვს გაკეთებული განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ეს განაცხადი კობახიძეს უკან არ გამოუწვევია. ევროკავშირის ელჩი, ისევე როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები, უფლებამოსილი არიან, გააკეთონ შეფასებები ამ ვითარებასთან დაკავშირებით. კობახიძეს შეუძლია ოფიციალურად გამოიწვიოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი საქართველოსი, გამოაცხადოს, რომ საქართველო მოძრაობს ჩრდილოეთ კორეის მიმართულებით, აღარ აინტერესებს ევროკავშირის აზრი, დაიწყოს გაძევება ევროპელი დიპლომატების საქართველოდან. მე ვფიქრობ, რომ შემდეგი ნაბიჯი ეს არის". - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ირაკლი კობახიძის მიერ ელჩების დადანაშაულებას, რომ "დიპლომატები საქართველოს შიდა საკითხებში უხეშად ერევიან", პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, თეონა აქუბარდია აფასებს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ივანიშვილის რეჟიმის პრემიერსაც მუდმივად ვირთხები, რევოლუციები და გადატრიალების მოწყობები ესიზმრება.
კობახიძეს შეთქმულების თეორიაზე, დაუსრულებელი რევოლუციების ქრონიკებზე, თავის გამოგონილ მტრებზე, სულ მახსენდება ფილმი სიზმარა, სადაც მეფეს სულ ვირთხები ესიზმრება. ამ როლში არის ირაკლი კობახიძე. სულ ვირთხები ესიზმრება, რევოლუციების და გადატრიალებების მოწყობები, რომელიც ვერცერთ ჯერზე ვერ დაამტკიცა მისივე სუს-მა. მთავარი ძალა მათთვის არის ივანიშვილის ძალაუფლება და ფული. სხვა დანარჩენი იერიში ჩვენს მეგობრებზე, რასაც ისინი ახორციელებენ, პირდაპირ აჩვენებს საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ იერიშს". - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, რომ მმართველი პარტია, რომელიც საზოგადოებას ეუბნებოდა, რომ ევროკავშირში გაწევრიანდებოდა, EU-ს ღირებულებებს კიდევ უფრო ჩამოშორდა და საკუთარი მოქალაქეების ნების წინააღმდეგ წავიდა.
საკუთარ ამომრჩეველსაც "ოცნებამ" ხომ ეს უთხრა გასული არჩევნების წინა პერიოდში, რომ მშვიდობით და კეთილდღეობით მივდივართ ევროპისკენ. თუ ევროპისკენ მიდიხარ, აუცილებელია, ის რეფორმები გაატარო, რომელიც უკავშირდება დემოკრატიულ ღირებულებებს. ბატონი ჰერჩინსკიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში არაფერ განსაკუთრებულს "ოცნებისგან" არ ითხოვს. არანაირი რევოლუციები მათ კაბინეტებში არ იგეგმება. იქიდან გამომდინარე, რომ ძალაუფლებაზე მუდმივად ჩაბღაუჭების მიზნით, ამ ადამიანებს არანაირი რეფორმის გატარება არ უნდათ, ახლა მთავარ მტრებად გამოაცხადეს ელჩები. ეს უკვე მიანიშნებს იმას, რომ შენ საკუთარ ამომრჩეველთანაც კი არ იყავი გულახდილი და ატყუებდი ყველას". - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.