კრემლის ხელი არჩევნებში - ოპოზიციის პირველი კომენტარები საფრანგეთის გზავნილზე
როგორც ჩანს, ფრანგულ დაზვერვას აქვს ინფორმაცია, რომ ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა რუსეთთან და კრემლთან თანამშრომლობით მანიპულაცია მოახდინა არჩევნებზე - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" გენერალური მდივანმა საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში გაკეთებული განცხადებების შეფასებისას განაცხადა.
საფრანგეთის ასამბლეამ კენჭი უყარა და მიიღო რეზოლუცია, რომელიც, სავარაუდოდ, კიდევ ერთი დასტურია რუსული ჩარევის ქართულ პოლიტიკაში. როგორც ჩანს, ფრანგულ დაზვერვას აქვს ინფორმაცია, რომ ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა რუსეთთან და კრემლთან თანამშრომლობით მანიპულაცია მოახდინა არჩევნებზე, ქართულ პოლიტიკაზე, რის საპასუხოდაც მიიღეს რეზოლუცია, რომელიც გმობს რუსეთის ჩარევას ქართულ პოლიტიკაში". - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
"სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნება" საფრანგეთისგან მომავალში კიდევ უფრო მეტ წნეხს და კატეგორიულ ნაბიჯებს იხილავს.
ყველა ქვეყნისგან სრულიად იზოლირებულები არიან, ისევე როგორც ქართული საზოგადოებისგან. ქუჩაში ვერ დადიან, ქუჩაში თავი არ გამოეყოფათ, რადგან ხალხის განწყობა უკიდურესად ნეგატიურია. დრო მუშაობს "ქართული ოცნების" საწინააღმდეგოდ. იზოლაციაში უნდა მოვაქციოთ ბოლომდე. მეტი სანქციები, მეტი წნეხი. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება საფრანგეთისგან და ყველა სხვა ქვეყნისგან. საფრანგეთი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა". - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
კოალიცია "ცვლილებისთვის" წარმომადგენელი, გიორგი ბუტიკაშვილი კი მძიმე რეზოლუციას არა მხოლოდ საფრანგეთისგან, არამედ პოლონეთისგანაც ელოდება.
საფრანგეთის, გერმანიის რეზოლუცია ეხმარება ევროკავშირს, საერთო პოზიცია შეიმუშაოს საქართველოს მიმართებით. ველოდებით იმავეს პოლონეთისგანაც. მსგავსი რეზოლუციები ეხმარება ადგილობრივ მთავრობებს, რომ სანქციები უფრო მარტივად დააწესონ. რეზოლუცია არის ყოველთვის იმის საფუძველი, რომ სანქციები დაწესდეს მოგვიანებით. რეაქციები, რაც "ქართული ოცნებისგან" მოდის, არის შიშის გამომხატველი". - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.
საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო - დოკუმენტში წერია, რომ უკრაინის დახმარება უნდა გაძლიერდეს და კიევის მხარდაჭერა რუსული გაყინული აქტივების კონფისკაციასთან დაკავშირებით უნდა მოხდეს.
უკრაინის გარდა, რეზოლუციაში საუბარია საქართველოზეც. კერძოდ, საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში დამტკიცებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ფრანგი კანონმდებლები კატეგორიულად ემიჯნებიან კრემლის ჩარევას ევროკავშირსა და მის სამეზობლოში, განსაკუთრებით კი მოლდოვას, საქართველოსა და რუმინეთის არჩევნებში.