გამოცხადებული ომი დიპლომატების წინააღმდეგ - უპირებს თუ არა "ოცნება" ელჩებს ქვეყნიდან გაძევებას
ბიძინა ივანიშვილის პარტიამ პაველ ჰერჩინსკი ამოიჩემა. დიპლომატს უწუნებენ განცხადებებს, შეხვედრებს, სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას და ამბობენ, რომ მისი საქმიანობა, ფაქტობრივად, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაა. პაპუაშვილს დაკონკრეტება ვთხოვეთ, მან კი მანიპულაციით და არარელევანტური შედარებებით მთავარი სათქმელი გვითხრა - დიპლომატმა ჯობს საერთოდ არ ისაუბროს.
პაველ ჰერჩინსკი ყველა საჯარო გამოსვლას იმისთვის იყენებს, რომ თქვას, საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულია და განახლებისთვის პირობების შესრულებაა საჭირო. ელჩი ამბობს, რომ ევროკავშირს დახმარების გაყინვა "ოცნების" გადაწყვეტილებამ აიძულა და რომ ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი კითხვის ნიშნის ქვეშ ამჟამინდელი ხელისუფლების პოლიტიკამ დააყენა.
პაპუაშვილს შევახსენეთ, რომ დიპლომატის მისიაც ეს არის, თუმცა "ოცნების" ლიდერს სულ სხვაგვარად წარმოუდგენია. ამიტომ ვკითხეთ, მიჰყავთ თუ არა პროცესი ელჩის გაძევებამდე. შალვა პაპუაშვილს ჰერჩინსკიზე თავდასხმა პირველს არ დაუწყია. არც ჰერჩინსკია ერთადერთი, ვისაც ივანიშვილის პარტია აკრიტიკებს.
ურთიერთობა კრახით დაასრულეს კარლ ჰარცელთანაც. ფაქტია, რომ "ოცნებისთვის" პრობლემა არა პერსონალები, არამედ ევროკავშირია, რომლის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში იმ პირობების შესრულებას ითხოვს, რომლის ვალდებულება ქვეყანამ ევროინტეგრაციისთვის აიღო.
ჰერჩინსკის კრიტიკული პოზიციის გამო ვენის კონვენციის უხეში დარღვევა ირაკლი კობახიძემ დააბრალა. ვენის კონვენციის დარღვევა მძიმე ბრალდებაა. ეს, ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ მასპინძელი ქვეყანა პარტნიორ სახელმწიფოს ეუბნება, რომ მის მიერ გაგზავნილი დიპლომატი დიპლომატიურ მოვალეობებს სცდება და ვალდებულებას ჯეროვნად ვერ ასრულებს. თუ პროცესი გაგრძელდა, საერთაშორისო დაძაბულობა ახალ ფაზაში გადავა და არ არის გამორიცხული, ელჩი ქვეყანამ პერსონა ნონგრატად გამოაცხადოს და მას ქვეყანა დაატოვებინოს.
გამოცხადებული ომი დიპლომატების წინააღმდეგ - დეტალები ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.