ოპოზიცია ეჭვობს, რომ "ოცნება" ნარკოპოლიტიკას განსხვავებული პოლიტიკური აზრის მქონე მოქალაქეების რეპრესიებისთვის ამკაცრებს
რამდენიმე საათში პარლამენტში "ქართული ოცნება" იმ კანონპროექტების განხილვას დაიწყებს, რომლითაც ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა გამკაცრდება. ივანიშვილის პარტიას უწევს აღიაროს, რომ ქვეყანაში ნარკოტიკებთან დაკავშირებით უმძიმესი მდგომარეობაა.
ოპოზიცია ფიქრობს, რომ "ოცნება" აღნიშნულ კანონებს რეპრესიებისთვის გამოიყენებს იმ ხალხის წინააღმდეგ, ვინც მათ პოზიციებს არ იზიარებს.
სადამსჯელო პოლიტიკა მომხმარებლების მიმართ წარმატებული არ ყოფილა და არ მოუტანია ის შედეგი რაც გვინდა. ახლაც პროპაგანდის მიზნებისთვის გამოყენება კანონმდებლობის და ახლაც იმისთვის გამოყენება, რომ რეპრესიები მოახდინონ და ადამიანები, რომლებიც განსხვავებული პოლიტიკური აზრით არიან, ამ აპრობირებული მეთოდით გააშაონ, არის ამაზრზენი", - ამბობს "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი.
ოპოზიციას უჩნდება კითხვა, მაშინ როდესაც სუს-ი და შინაგან საქმეთა სამინისტრო ტოტალურად აკონტროლებს ყველაფერს, როგორ ვერ ადგენენ, ვის შემოაქვს სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერებები ქვეყანაში და ხომ არ ნიშნავს ეს, რომ ნარკობიზნესს ივანიშვილის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები მფარველობდნენ" - აღნიშნული კითხვა "პირველებმა" "ოცნების"-ის წევრებს დაუსვა.
თუ მაჩვენებთ კადრს, რომ პოლიციელის თვალწინ ვინმემ ვინმეს მიჰყიდა ნარკოტიკი, მაჩვენეთ და მერე გავაკეთებ კომენტარს - ამბობს თენგიზ შარმანაშვილი.
სადაც გამოვლინდებიან მფარველები ამ საკითხთან დაკავშირებით, იქ უნდა იყვნენ უმკაცრესად დასჯილები და იქ სახელმწიფო უნდა იყოს აბსოლუტურად დაუნდობელი. ამერიკას ჯარის გამოყვანაც კი დასჭირდა მექსიკის და კანადის საზღვარზე, რათა ეს აღკვეთოს. ჩვენის სპეცსამსახურები და ჩევნი შსს-ს ორგანოები ძალიან დიდ ბრძოლას ეწეოდნენ. პოლიციისა და სპეცსამსახურების აგენტები, შეფარული ვითომ "ნარკოდილერებად", ამ ოპერაციაში იღებენ მონაწილეობას და თვითონვე იღებენ ამ ნარკოტიკების გადაცემას. სხვა დანარჩენი, თუ მაჩვენებთ კადრს, რომ პოლიციელის თვალწინ ვინმემ ვინმეს მიჰყიდა ნარკოტიკი, მაჩვენეთ და მერე გავაკეთებ კომენტარს", - ამბობს შარმანაშვილი.
გია ვოლსკი კი აცხადებს, რომ კანონი განსაკუთრებით მკაცრი უნდა იყოს იმ ადამიანების მიმართ, ვინც ნარკოტიკებს ყიდის.
იარაღით და ნარკოტიკებით დივერსიის ფაქტები ჩვენ ვნახეთ 90-იან წლებში და ვნახეთ, რას დაამგვანა ამ დივერსიამ საქართველოს მთელი თაობა, რომელთა დიდი ნაწილი შეეწირა ომს, მაგრამ ამ ომის შემდეგ, ვეღარ გაიუმჯობესებს მდგომარეობა და მათი ჯანმრთელობა დღემდე შელახულია. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მომავალი თაობა ამ საშიშროებისგან და განსაკუთრებით მკაცრები ვიყოთ მათ მიმართ, ვისაც შემოაქვს და ვინც პირადი გამორჩენის მიზნით ყიდის და ავრცელებს ნარკოტიკს და არა მარტო პირადი გამორჩენის მიზნით, შესაძლოა, გარკვეული მიზნითაც, რომელიც უკავშირდება საქართველოს უსაფრთხოების და სტაბილურობის რყევას“, - განაცხადა ვოლსკიმ.