"კალაძე პირად პოლიტიკურ ბოღმას რეპრესიებში გარდაქმნის" - ოპოზიცია პოლიტიკურ წმენდაზე
საჯარო მოხელეების წინააღმდეგ დაწყებული რეპრესიები - "ქართული ოცნების" ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ თბილისის მერიიდან დღესდღეობით 45-მდე პირია გათავისუფლებული.
პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრის, ტატა ახვლედიანის თქმით, სამსახურიდან დათხოვნილთა შორის 20 და 45-წლიანი გამოცდილების მქონე ადამიანები არიან, რაც ოპოზიციონერ პოლიტიკოსს არწმუნებს, რომ კახა კალაძე მოქალაქეებს არა დაკისრებული მოვალეობის ვერ შესრულების გამო ათავისუფლებს, არამედ განსხვავებული პოლიტიკური და სამოქალაქო პოზიციის გამო სჯის.
ამ დევნას ახორციელებს დეკემბრიდან. დღესდღეობით 45-მდე საჯარო მოხელე უკვე გათავისუფლდა საკუთარი პოზიციებიდან. მათ შორის არიან 10, 20, 45 წლის გამოცდილების მქონე თანამშრომლები, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დედები. "ოცნების" პარტაქტივი მუშაობს თბილისის მერიაში და სამსახურში მიუსვლელად იღებენ დაფინანსებას". - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.
იმავე პოზიციას იზიარებს კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი, ანა გოგოლაძე. პოლიტიკოსი "პირველებთან" ამბობს, რომ "კახა კალაძე პირად პოლიტიკურ ბოღმას რეპრესიებში გარდაქმნის".
კახი კალაძემ დაიწყო უპრეცედენტოდ, ძალიან დიდი პოლიტიკური წმენდა თბილისის მერიაში. ეს არის მერი, რომელიც კორუფციასთან ასოცირდებოდა აქამდე, დღეს უკვე პირადი პოლიტიკური ბოღმის პოლიტიკურ რეპრესიებში გარდაქმნის ერთ-ერთი მთავარი აქტორია. ის თბილისის მერიას წმენდს ისეთი კვალიფიციური და კეთილსინდისიერი კადრებისგან, რომლებიც თბილისის ინტერესებს ათობით წლის განმავლობაში იცავდნენ. ეს ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ კახი კალაძეს მათი პატრიოტული პოზიცია არ მოეწონა, ამიტომ მოუწყო მათ პოლიტიკური რეპრესიები". - განაცხადა ანა გოგოლაძემ.
საჯარო მოხელეების წინააღმდეგ რეპრესიები გრძელდება. საჯარო სამსახურებიდან ადამიანებს ერთი მეორის მიყოლებით ათავისუფლებენ. გათავისუფლებული თანამშრომლები საჯარო მოხელეების განცხადების ხელმომწერები არიან. ისინი "რეორგანიზაციას" მხოლოდ იმას უკავშირებენ, რომ ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, კონსტიტუციის ერთგულები დარჩნენ და ქვეყნის ევროპული მომავლის სადარაჯოზე დადგნენ.