ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ელჩმა "ოცნების" მინისტრს ვაშინგტონის დათქმები გადასცა
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩსა და "ქართული ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრს შორის გამართულ აუდიენციას ექსპერტები აფასებენ - დარგის სპეციალისტები ფიქრობენ, რომ რობინ დანიგანსა და მაკა ბოჭორიშვილს შორის შემდგარი შეხვედრა რეჟიმისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას არ ნიშნავს.
როგორც კახა გოგოლაშვილი აცხადებს, სავარაუდოა, რომ შეხვედრაზე დანიგანმა ბოჭორიშვილს ის კონკრეტული პირობები გააცნო, რომლითაც აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობების დასტაბილურებაა შესაძლებელი.
ამასთან, კახა გოგოლაშვილის განმარტებითვე, საქართველოში ამერიკის ელჩმა დიპლომატიური არხი გამოიყენა იმის გასაგებად, თუ რა დათმობაზეა წამსვლელი "ქართული ოცნება" იმისთვის, რომ ორ სახელმწიფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა აღდგეს.
მე მგონია, რომ აქ საუბარი იყო სწორედ იმ პირობებზე, რომლის შედეგადაც შეიძლება აღდგეს ურთიერთობები შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის. ამ პირობებში, მე მგონია, რომ აუცილებლად შედიოდა ისეთი საკითხები, როგორიც არის ახალი არჩევნების გამართვა. ვაშინგტონში დაავალებდნენ საკუთარ ელჩს, რომ მას გაერკვია, რისთვის არიან მზად ამ ურთიერთობის აღდგენისთვის. ეს არის ძალიან ნორმალური. შეუძლებელია, დიპლომატიური არხი არ გამოიყენო ამის გასაგებად". - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩსა და "ქართული ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრის პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ ამერიკის კონგრესი MEGOBARI ACT-ს 27 მარტს განიხილავს.
ექსპერტ ნიკა ჩიტაძეს მიაჩნია, რომ შტატების საკანონმდებლო ორგანოში დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ, ივანიშვილის რეჟიმის მსახურების წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკა უფრო გამკაცრდება.
მეგობარი აქტის ფარგლებში, ბუნებრივია, ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანო, მათ შორის, წარმომადგენელთა პალატა და სენატი, კიდევ ერთხელ მოუწოდებენ საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებას, რომ მან გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რათა საქართველოში დაინიშნოს არჩევნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ არ განიხილავს რაიმე ტიპის თანამშრომლობას საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებასთან. აქ საუბარია ასევე საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლების არაღიარებაზე. ამ შემთხვევაში, კიდევ უფრო გამკაცრდება სანქციები საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ". - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
ცნობისთვის, 14 მარტს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. დიპლომატიური უწყების განმარტებით, ელჩმა დანიგანმა ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრს, პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები გააცნო.