რუსეთთან დიპურთიერთობების გახსნა ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის აღიარებას ნიშნავს, რაც დანაშაულია - დავითაია
"ევროპული დემოკრატების" თავმჯდომარე პაატა დავითაია ამბობს, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გახსნა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას ნიშნავს, რაც დაუშვებელია. საქმე ეხება შაბათის ეთერის ხმაურიან რეპორტაჟს, საიდანაც ირკვევა, რომ ოთარ ფარცხალაძე რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე და აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
დავითაია მიიჩნევს, რომ ოკუპანტთან დიპ ურთიერთობების აღდგენის მცდელობა დანაშაულებრივი ქმედებაა და ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება.
დიპლომატიური ურთიერთობის გახსნა რუსეთთან ნიშნავს საქართველოს ტერიტორიაზე სამ რუსულ საელჩოს - თბილისში, სოხუმში და ცხინვალში, რაც ნიშნავს აღიარებას საქართველოს მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის და ამიტომ ეს ყოვლად მიუღებელია.
რაც შეეხება რკინიგზის საკითხს, რკინიგზის საკითხის განხილვა მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება იმ კონტექსტში, თუ მოხდება კონფლიქტის მოგვარება, იქ დევნილთა დაბრუნება, ოღონდ არა დამოუკიდებელ აფხაზეთში, არამედ რაღაც შეთანხმების მიღწევის შედეგად. სხვა შემთხვევაში, ეს არის საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც კვალიფიცირდება იმ ახალი მუხლით, რომლის ჩაწერასაც აპირებს „ქართული ოცნება“ - სამშობლოს ღალატი.
რუსეთის კომუნისტურ პარტიას აქვს დავალება, აღადგინოს საბჭოთა კავშირი და იყოს ყველგან კომუნისტური პარტია, ამიტომ შემდგომი მოთხოვნა ეს რომ იყოს, ამასაც არ გამოვრიცხავ, - ამბობს პაატა დავითაია.
"ნოდარ მელაძის შაბათის" ინფორმაციით, აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძე რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე და აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
"ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტების გუნდმა აღმოაჩინა, რომ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის გამო ამერიკის მიერ სანქცირებული ფარცხალაძე "კომუნისტური კავშირის" წევრი გახდა და "რუსი ქართველების" მოძრაობა დააფუძნა. საჯარო სივრცეში გავრცელებული კადრებით დასტურდება, რომ ბიძინა ივანიშვილის ყველაზე სანდრო კაცი რუსებს ღიად ეუბნება, რომ "საქართველო მადლობელია" და "240 წლის წინ ჩვენს ქვეყანაში რუსეთი რომ არ შემოსულიყო, საქართველო ვერასდროს განვითარდებოდა ასე". ფარცხალაძე არ მალავს, რომ პირდაპირ ფრენების აღდგენა და საქართველოს მოქალაქეების ვიზების გაუქმება მისი ჩართულობით მოხდა.