"ოცნების" შურისძიება - ყველა ფონდი, სადაც ფული აქტივისტების, სინდისის პატიმრებისა და მათი ოჯახების დასახმარებლად გროვდებოდა, დაყადაღებულია
მძიმედ დაავადებული ასობით ბავშვი აუცილებელი მკურნალობის გარეშე რჩება. მოზარდებს, რომლებიც მძიმე სნეულებებს ებრძვიან, სწორედ მოქალაქეების მიერ შეგროვებული თანხებით აგზავნიდნენ სამკურნალოდ საზღვრებს გარეთ. ხალხი ლეიკემიით დაავადებული მოზარდებისთვის თანხებს ნანუკას ფონდშიც რიცხავდა, თუმცა გაბიტაშვილის უწყების გამო, ნანუკას ფონდი ახლა დაყადაღებულია და ანგარიშები გაყინული.
საბოტაჟი და კონსტიტუციური წესწყობილების წინააღმდეგ დაწყებული საქმიანობა - ეს ის ორი მძიმე ბრალდებაა, რომელსაც საქართველოში მოქმედ ხუთ საქველმოქმედო ფონდს უყენებენ და ანგარიშებს უყინავენ. პროკურატურა ამტკიცებს, რომ თანხები, რომელსაც ხალხი ერთმანეთის დახმარებისთვის აგროვებდა, ძალადობის წახალისებას ხმარდებოდა. არადა, ამ ფულით უწყვეტი პროტესტის მონაწილეები აუცილებელ თავდაცვით საშუალებებს ყიდულობდნენ იმ დროს, როცა "ხარებას" სპეცრაზმელები მოქალაქეებს დაუნდობლად უსწორდებოდნენ.
რეჟიმმა ანტირუსული აქციების მონაწილეებზე შურისძიების ახალი სერია დაიწყო. უკანონო ჯარიმებმა ვერ გაჭრა, ვერ გაჭრა ვერც დაკავებების სერიამ, ამიტომ ახლა "ქართული ოცნება" რეპრესიების ახალ სერიას იწყებს. ამ ყველაფერს კი "ოცნება" ვატო შაქარიშვილის ხელით აკეთებს.
სწორედ შაქარიშვილის და კაკაბაძის მიმართვის საფუძველზე დაიწყო პროკურატურამ გამოძიება. გაბიტაშვილის უწყება, ფაქტობრივად, ამტკიცებს, რომ ხალხი ერთმანეთის დახმარებით ქვეყანაში რევოლუციას აწყობს, თუმცა გზადაგზა უდანაშაულობის პრეზუმფციასაც არღვევენ.
ფონდები, რომლებსაც ანგარიშები გაუყინეს, ეხმარებოდნენ სტიქიის ზონაში ჩარჩენილ მოქალაქეებსაც. ასე მოხდა რამდენიმე კვირის წინაც, როცა დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის გამო ხალხი თვითიზოლაციაში მოექცა და პარალიზებული გზების გამო, სახლებიდან პურის და მედიკამენტების საყიდლადაც ვერ ახერხებდნენ გასვლას.
დაყადაღებული ფონდები - დეტალები ვრცლად გუგა არჩვაძის რეპორტაჟში იხილეთ.