საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში - ოპოზიციაში კომენტარებს აკეთებენ

17.03.25 20:36
საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში - ოპოზიციაში კომენტარებს აკეთებენ

ბრიუსელში, საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ევროპელი პოლიტიკოსების მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ოპოზიციაში აფასებენ. 

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთი-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ EU ივანიშვილის რეჟიმზე ზეწოლას იქამდე არ შეწყვეტს, სანამ "ქართული ოცნება" საკუთარი მოქალაქეების მთავარ მოთხოვნებს არ აღასრულებს. 

ევროპული კავშირი არ აპიებს გაჩერებას, არ აპირებს ზეწოლის შეწყვეტას. ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე 13 სახელმწიფო ღიად ითხოვს ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები და რასაკვირველია, ეს დემოკრატიული წნეხი ამ ქვეყნის ყველაზე ახლო მეგობრებისა და პარტნიორებისგან გაგრძელდება მანამ, სანამ ბოროტმოქმედი რეჟიმი არ ჩაატარებს ახალ, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს", - ამბობს გრიგოლ გეგელია.

ამავე პოზიციას აფიქსირებს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, თინა ბოკუჩავაც. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ უნგრეთი, რომელიც ევროკავშირის მიერ "ქართული ოცნებისთვის" სანქციების დაწესებას ბლოკავს, საბოლოო ჯამში ევროპის საერთო მოწოდებას გაიზიარებს და ივანიშვილის რეჟიმის მსახურების შავ სიაში შეყვანას დათანხმდება. 

ევროკავშირის დონეზე სანქციების გადაწყვეტილება მიიღება კონსესუალური წესით, რასაც ამ დრომდე, სამწუხაროდ, ვიქტორ ორბანის უნგრეთი ბლოკავდა ხოლმე ერთგვარი ვეტოს უფლების გამოყენებით. თუმცაღა მჯერა, რომ ამ თვალსაზრისითაც უნგრეთი საბოლოო ჯამში ევროპის საერთო პოზიციებს გაიზიარებს, თუ მანამდე ივანიშვილი არ გაიაზრებს, რომ მისი ხელისუფლების დრო ამოიწურა და მის ხელისუფლებას არ გააჩნია ლეგიტიმაცია", - ამბობს თინა ბოკუჩავა.

ცნობისთვის, ბრიუსელში, საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ევროპელმა პოლიტიკოსებმა საქართველოს შესახებ მედიასთან კომენტარი გააკეთეს.

მსგავსი სიახლეები