პოლიტიკური ტერორის ახალი ტალღა პედაგოგების მიმართ - საგანგებო ბრიფინგი "ძლიერ საქართველოში"

18.03.25 12:11
პოლიტიკური ტერორის ახალი ტალღა პედაგოგების მიმართ - საგანგებო ბრიფინგი "ძლიერ საქართველოში"

პოლიტიკური ტერორის ახალი ტალღა პედაგოგების მიმართ - საგანგებო ბრიფინგი ამ თემაზე "ძლიერი საქართველოს" ლიდერებმა გააკეთეს. 

ფიქრია ჩიხრაძის თქმით,  "ქართული ოცნების" განათლების მინისტრის ბრძანება, რომელიც სკოლების სტრუქტურაში პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცრის გაჩენას ეხება, ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა სფეროში დაწყებული ტერორის ტალღის გაგრძელებას ემსახურება.

მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ განათლების მიღების საყოველთაობა უზრუნველყოს, მოაწესრიგოს სკოლების ინფრასტრუქტურა და კვების საკითხი გადაწყვიტოს, კონტროლის ახალ მექანიზმებს ქმნის.

„ეს არის ისეთი კონტროლის მექანიზმები, რომელიც მაგალითად, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მედიაში მოინდომეს და ბრიტანულად გაასაღეს. სამოქალაქო საზოგადოების კონტროლისთვის უნდათ რომ შექმნან და ამერიკულად გაასაღონ, თითქოს ევროპული რეგულაციები შემოაქვთ. ხელისუფლებამ ოფიციალურად გააჩერა ევროპისკენ სავალი გზა, რასაც უდიდესი პროტესტი მოჰყვა და ეს პროტესტი დღესაც გრძელდება. ცინიკურია, რომ განათლების სამინისტროს უნდა საკუთარი პოზიცია აქედან ამოგდებულად წარმოაჩინოს, შეუძლებელია ეს ასე მივიღოთ. განათლების მუშაკებში, სკოლებში არის სერიოზული პროტესტი და უკმაყოფილება, მათ შორის ეს ხალხი არის ამ დიდი პროტესტის ნაწილი. რა თქმა უნდა, შეშფოთებულ ხელისუფლებას აქვს სურვილი, კონტროლის მექანიზმები კიდევ უფრო რთული გახადოს, ყველანაირად გააკონტროლოს მათი ქმედებები, მათი გადაადგილებები. როდესაც ამბობენ, რომ თურმე პერსონალური მონაცემების დაცვას ემსახურება ეს ახალი ღონისძიებები იმ ვითარებაში, როდესაც პრაქტიკულად, მთელი ქართული საზოგადოება იმყოფება უწყვეტი ვიდეო კონტროლის და მონიტორინგის ქვეშ, აბსოლუტურად ცინიკური და ღიმილის მომგვრელია მათი განმარტება. ვფიქრობ, ამ მახინჯი სისტემიდან თავის დაღწევის ერთადერთი გამოსავალი არის ახალი არჩევნების დანიშვნა, დემოკრატიული ხელისუფლების მოსვლა ქვეყნის სათავეში და ყველა მიმართულებით, მათ შორის განათლების სფეროში ფუნდამენტური და რადიკალური ცვლილებების განხორციელება“,-განაცხადა ჩიხრაძემ.

"ქართული ოცნების" მინისტრის  12 მარტის ბრძანებით, რესურსცენტრის უფროსს უფლებამოსილება ენიჭება რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ სკოლებში, ბრძანებით განსაზღვროს რესურსცენტრის თანამშრომელი, რომელიც უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ფუნქციების განხორციელებას.

მსგავსი სიახლეები