უკრაინის ხელისუფლება ჩაერთო კომუნიკაციაში ყაზახეთთან, ლევანის გასათავისუფლებლად- გია ბარამიძე

უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი დონის პირები მყისიერად ჩაერთნენ კომუნიკაციაში ყაზახეთის ხელისუფლებასთან, ლევანის გასათავისუფლებლად, ამ უკანონობის და გაუგებრობის აღმოსაფხვრელად, - ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გია ბარამიძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ლევან ვარშალომიძეს არ აქვს საშუალება კონტაქტის, თუმცა, მას უკვე აუყვანეს კომპეტენტური ადვოკატი.
“რადგან უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი დონის პირები არიან ჩართულნი, მე იმედები გამიჩნდა“, - აღნიშნა მან.
ლევანს არ აქვს საშუალება პირდად გვეკონტაქტოს, აყვანილია კომპეტენტური ადვოკატი, ასევე მინდა მადლიერება გამოვხატო უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი დონის პირების მიმართ, რომლებიც მყისიერად ჩაერთნენ კომუნიკაციაში ყაზახეთის ხელისუფლებასთან, ლევანის გასათავისუფლებლად, ამ უკანონობის და გაუგებრობის აღმოსაფხვრელად, რათა მასთან მიმართებაში არ მოხდეს ის, რაც ძალიან შესაძლებელია, ექსტრადიცია განხორციელდეს ყაზახეთიდან რუსეთში. რადგან უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი დონის პირები არიან ჩართულნი, მე იმედები გამიჩნდა, რომ ეს საკითხი ისე მოგვარდება, როგორც საჭიროა,- განაცხადა ბარამიძემ.
მისივე ცნობით, საქმის კურსშია საქართველოს ელჩი ყაზახეთში, თუმცა მას არ აქვს მოლოდინი, რომ "ოცნების" რეჟიმი ვარშალომიძის გასათავისუფლებლად რამეს გააკეთებს.
მე მათთან კომუნიკაცია არ მაქვს, მათგან მხოლოდ მავნებლობას მოველი, მათგან მოველი რომ თუ რუსების მიერაა საქმე ინიცირებული, მე ვთვლი, რომ ისინი ეტყვიან ყაზახებს, რომ გადაეცით [მოსკოვს], -თქვა მან.
“ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ყაზახეთში ლევან ვარშალომიძე დააკავეს.
“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, ის ყაზახეთში იმ დროს დაკავეს, როდესაც აეროპორტის მეშვეობით საზღვარს კვეთდა. წინასწარი ინფორმაციით, საქმე ეხება რუსეთის ფედერაციიდან გაგზავნილ ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ლევან ვარშალომიძის პოლიტიკურ საკონსულტაციო საქმიანობას უკრაინის ხელისუფლებასთან.
ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, არსებობს ექსტრადიციის საფრთხე, ამიტომ სწორი კომუნიკაცია საჭიროა იმისათვის, რომ “დაიხსნან ლევან ვარშალომიძე უკანონო დაკავებისგან“.