"ოცნებამ" ნარკოპოლიტიკის გამკაცრების კანონპროექტს მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა
ქართული ოცნების ერთპარტიულმა პარლამენტმა, ანტინარკოტიკულ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
- ცვლილებას ქართული ოცნების 83-მა ე.წ. დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ ხმა არავინ მისცა.
კანონპროექტის მიხედვით ნარკოპოლიტიკა გამკაცრდება. ტრადიციულად ამ კანონზეც ივანიშვილის დეპუტატებმა ერთპარტიულად იმსჯელეს. სხდომას მხოლოდ "ხალხის ძალა" ესწრებოდა, რომელიც "ოცნების" "ოპონირებას" ცდილობდა.
"ქართული ოცნება" პარლამენტში დღეს ამტკიცებდა, რომ "ეროვნულ საქმეს აკეთებენ". მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ საკითხის ერთ-ერთი ინიციატორი მიხეილ ყაველაშვილია, რომლისთვისაც შთაგონების წყარო ბასკეტი აღმოჩნდა.
მე მიმაჩნია, რომ ამაზე ეროვნული საქმე არ გაგვახსენდება. ეს არის თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი გამოწვევა. ამ საკანონმდებლო ცვლილებით უადვილდება მბრალდებელს სახელმწიფოს შესაბამისად, მისი ქმედების დაკვალიფიცირება. უნდა იცოდეს ყველამ, რომ აი, რომ სადღაც მივა, სადღაც ჩამარხავს და მერე მიწერს მყიდველს, ის ნარკორეალიზატორია. ის არის გამყიდველი. ე.წ., ბოდიში ამ სიტყვის გამოყენებისთვის, „ლაზეიკები“ თუ მოიფიქრებს, უნდა იცოდნენ, რომ ის დამდები, ყველა არის რეალიზატორი, ამიტომ ეს იქნება მყარი და ხისტი მიდგომა ნებისმიერი ფორმით ნარკორეალიზატორის მიმართ.
სავალდებულო მკურნალობას დაგინიშნავთ, ანს ხვა სახელი დავარქვათ, კიდევ უფრო ჰუმანური, ამის საშუალება, პრაქტიკულად, არცერთ ქვეყანას არ აქვს, მითუმეტეს, ჩვენს ქვეყანას. ამიტომ, გადაწყვეტა არის, როდესაც მიუსჯი რაღაც სასჯელს, იმ შემთხვევაში თუ ექსპერტი გეტყვის, სხვა მტკიცებულებები შეგროვდება საიმისოდ, რომ ესაჭიროება სავალდებულო მკურნალობა, დაუნიშნოს დამატებითი სასჯელის სახით სავალდებულო მკურნალობა.
მიხეილ ყაველაშვილი იყო პრეზიდენტობამდეც, საერთოდ, სანამ მისი კანდიდატურა განიხილებოდა, ბასკეტში ორჯერ ჩვენ ჩაგვიყვანა, სამჯერ თვითონ იყო. ბასკური მაგალითია ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი, როგორ ებრძვიან ჯანსაღი წესის ცხოვრების უპრეცედენტო პოპულარიზაციით და მეორეს მხრივ, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნით, - ამბობს მდინარაძე.
"ხალხის ძალის" წევრი ირაკლი ხუნდაძე დღეს ამტკიცებდა, რომ ნარკომანიის მხრივ მძიმე შედეგები ქვეყანაში სწორედ "ოცნების" ყოფილი წევრების და აწ უკვე ოპოზიციაში გადასული ადამიანების ინიციატივით დადგა. "ოცნების" დანაყოფის წევრი ირწმუნებოდა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები წლების წინ ნარკომანიის სასარგებლო პროპაგანდაას ეწეოდნენ.
იმ კანონმდებლობამ, რაც ეს მძიმე შედეგი გამოიღო, მინდა გითხრათ, რომ ის იქნა შემუშავებული იმ ლიბერალური ღირებულებების მქონე მაშინ „ქართული ოცნების“ წევრების მიერ, რომლებიც დღეს არცერთი მათთგანი არ არის „ქართულ ოცნებაში“ და მათი გარკვეული ნაწილი არის აქტიურად ოპოზიციურ ფლანგზე და მაშინაც მახსოვს, რომ აქტიური მხარდამჭერები იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, მიმდინარეობდა აქტიური, ღია პროპაგანდა ნარკოტიკების მოხმარების სასარგებლოდ. საზოგადოების ცნობადი სახეები გამოდიოდნენ, მათ შორის, პარლამენტარებიც, რომ როცა მოიყვანა მან მარიხუანა, მან დაიცვა დისერტაცია. როცა მოიყვანა მარიხუანა, მან უკეთესად დაწერა მუსიკალური ნაწარმოები, უკეთესად დაწერა ლექსი. მარიხუანა კულინარიულ ინგრედიენტადაც კი იყო წარმოჩინებული და მახსოვს, ერთ-ერთ გადაცემაში თურმე წარსულში ხაჭაპურს და კუბდარს მარიხუანას გარეშე არ აკეთებდნენ და ის უფრო გემრიელი იყო, - ამბობს ხუნდაძე.
ცვლილებების მიხედვით, ყველა სახის ნარკოტიკური საშუალების გაყიდვისთვის სასჯელი 12-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა იქნება. მოსამართლეს ექნება უფლება, პირს დამატებითი სასჯელის სახით, სავალდებულო მკურნალობა დააკისროს.
17 მარტს მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, სისხლის სამართლის კოდექსს, ერთ-ერთი სასჯელის სახით, სავალდებულო მკურნალობა დაემატოს.