ჩემი ხელმოწერით ევროპელ ლიდერებთან წერილს ვაგზავნით - პრეზიდენტი ზურაბიშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი საკუთარი ხელმოწერით ევროპელ ლიდერებს ოპოზიციური პარტიების ერთობლივ წერილს უგზავნის - სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, წერილში EU-ს დღის წესრიგში საქართველოს საკითხის განხილვის საჭიროებაზე იქნება საუბარი.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში ჰიბრიდული ომი, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ ბრძოლა მიმდინარეობს, სწორედ ამიტომ, მისივე განმარტებით, აუცილებელია, რომ საქართველოში არსებული კრიზისი ევროპელი პოლიტიკოსების განხილვის თემა იყოს.
მისივე თქმით, წერილში ასევე მოთხოვნილია, რომ ევროპული საბჭოს მომავალ სხდომაზე დღის წესრიგში საქარველოს საკითხი ჩაიწეროს.
[პარტიებთან] კოორდინაციის ფარგლებში, დღეს გადაიგზავნა და ამ წუთებში იგზავნება ერთობლივი წერილი ჩემი ხელმოწერილით ყველა ევროპულ ლიდერთან, რომელიც მიიღებს მონაწილეობას ხვალ და ზეგ ევროპული საბჭოს შეხვედრაში, რომლის დღის წესრიგი ამ მომენტისთვის მოიცავს ძირითადად უკრაინას, თავდაცვის ახალ პროექტებს, სადაც დღეს არ წერია საქართველო, როგორც ერთ-ერთი თემა ამ დღის წესრიგის და სწორედ ეს იყო, რამაც განაპირობა ამ წერილის გაგზავნა, რომ რაც არ უნდა სხვა პრიორიტეტები იყოს, გასაგებია ჩვენთვისაც, რომ ის სხვა პრიორიტეტები არ ითმენს, არ შეიძლება, რომ არ იყოს გარკვეული ყურადღება იმის მიმართ, რაც ხდება დღეს საქართველოში, რეპრესიული რეჟიმის ყოველდღიური გაფართოება და ის, რომ საქართველო ვერ იქნება განხილული როგორც ცალკე, ჩაკეტილი პოლიტიკური კრიზისი, ეს არის ნაწილი იმ კრიზისის, რომელიც მოიცავს ევროპას, რომელმაც უკრაინაში მიიღო სამხედრო ფორმა, მაგრამ საქართველოში არის ჰიბრიდული ფორმით – იგივე აგრესიაა საქართველოს მიმართ. საქართველოს დამოუკიდებლობის, საქართველოს დემოკრატიის, საქართველოს ევროპულობის წინააღმდეგ მიდის ბრძოლა, რომელსაც არ აქვს სამხედრო ფორმა.
ეს არის ის, რაც ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაიგონ, არ შეიძლება საქართველოს საკითხი არ იყოს განხილული, როცა დისკუსია იქნება შავი ზღვის შესახებ.
წერილში იქ მოთხოვნაა, რომ მომავალი ევროპულ საბჭოზე იქ უშუალოდ იყოს ჩაწერილი დღის წესრიგში საქართველოს საკითხი და მანამდე მზადყოფნა იმის, რომ მეც და ეს კოორდინირებული პარტიები ჩავიდეთ და დავესწროთ”, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.