პოლიტპატიმრების მშობლების მოთხოვნა პროდასავლურ ოპოზიციას - რა პასუხი მიიღეს სინდისის პატიმრების დედებმა

19.03.25 20:15
პოლიტპატიმრების მშობლების მოთხოვნა პროდასავლურ ოპოზიციას - რა პასუხი მიიღეს სინდისის პატიმრების დედებმა

"არჩევნებში მონაწილეობა ჩემი აზრით, არის ქვეყნის ღალატი" - ანდრო ჭიჭინაძის დედა სხვა პატიმრების მშობლებთან ერთად ოპოზიციასთან შეხვედრაზე ამ მთავარი სათქმელით მივიდა. დაკავებულების ოჯახის წევრები ოპოზიციას მეტ კოორდინაციას და ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთიანი ბრძოლის გაძლიერებას სთხოვენ. მშობლები ამბობენ, რომ პარტიებისთვის მთავარი ორიენტირი ახლა მათი შვილების გათავისუფლება და იმ მიზნის მიღწევა უნდა იყოს, რის გამოც ისინი საპროტესტო აქციაზე გავიდნენ. 

ამ შეხვედრის სურვილი დაკავებულების ოჯახებმა თავად გამოთქვეს. დედები მედიას ეუბნებიან, რომ მათზე ხელისუფლების წნეხი ძლიერდება, განსაკუთრებით მას შემდეგ პატიმრებს და მათ ოჯახებს "ქართულმა ოცნებამ" ფინანსური დახმარების წყარო ჩაუკეტა ფონდის დაყადაღებით.  ზოგიერთმა პოლიტიკოსმა შეხვედრაზევე მისცა მათ პირობა, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ. 

ადგილობრივ არჩევნებზე საუბარი პოლიტიკური პარტიების ნაწილისთვის ნაადრევია.  "ლელოს" და გახარიას გუნდს მიაჩნიათ, რომ ეს პროცესი  პოლიტიკურად არამომგებიანია. რადგან ის მთავარ მოთხოვნას ყურადღების მიღმა ტოვებს. განიხილება ვერსიაც, რომ ახალი არჩევნები ადგილობრივთან ერთად ჩატარდეს. ამიტომ წინასწარ თანხმობა ან უარი მხოლოდ ზიანის მომტანი იქნება. 

გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვთ "ცვლილებისთვის კოალიციასა" და "ნაციონალურ მოძრაობაში". ამ პარტიებში ამბობენ, რომ საზოგადოების დაკვეთა "ქართული ოცნების" ლეგიტიმაციის გარეშე დატოვებაა. მის მიერ დანიშნულ ნებისმიერ არჩევნებში მონაწილეობა კი მას ამ ლეგიტიმაციის საფუძვლებს გაუჩენს. 

როგორ პირობებში უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები  - ამ თემაზე სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის სახელით სავარაუდოდ 31 მარტს ისაუბრებს. 

შეხვედრა პოლიტპატიმრების ოჯახებთან -  რუსუდან დუმბაძე დეტალებით

მსგავსი სიახლეები