"შევხვდი დაკავებულების ოჯახის წევრებს, მსგავსი ისტორიები მხოლოდ ბელორუსიდან მსმენია" - ლანდსბერგისი
"შევხვდი დაკავებულების ოჯახის წევრებს, მსგავსი ისტორიები მხოლოდ ბელორუსიდან მსმენია" - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ევროპელი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ საქართველოში სიტუაცია უფრო და უფრო რთულდება, რადგან "ქართული ოცნება" ქვეყნის იერსახის შეცვლას ბელორუსული მეთოდებით ცდილობს.
"თუ საქართველოს საკითხზე ევროკავშირის მხრიდან დამატებითი ყურადღება არ იქნება, მაშინ აშკარაა, რომ ევროპა და დასავლეთი საქართველოს დაკარგვის პროცესშია" - თქვა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.
მე დღეს შევხვდი უკანონოდ დაკავებულების ოჯახის წევრებს, ძალიან რთული იყო მათი ისტორიების მოსმენა, მსგავსი ისტორიები მე მხოლოდ ბელორუსიდან მსმენია. რა თქმა უნდა, ასეთი ისტორიები ბელორუსში უფრო მეტია, თუმცა საქართველო უკვე ამ გზას ადგას. მე მათ დავპირდი, რომ მათ ისტორიებს უფრო ფართოდ მივიტან საზოგადოებამდე. მუდმივად იქნება მოთხოვნა მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებაზე და მათთვის დადგება შედეგები და აუცილებლად დადგება შედეგები მათთვის, ვინც ისინი დააკავა.
სამწუხაროდ, ჩემი შიშები საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ დამტკიცდა. საქართველო გაცილებით უფრო მძიმე მდგომარეობაშია - იმ კუთხით, რაც ახლა ხდება და რა თქმა უნდა, ისმის კითხვები ვითარების ასე სწრაფად გაუარესების შესახებ. რა მოხდება მაგალითად, ნახევარ წელში? შეძლებენ კი მაგალითად, ჩემნაირი ადამიანები აქ საქართველოში დაბრუნებას? გვექნება კი შესაძლებლობა ვესაუბროთ თავისუფალ მედიას? თავისუფალ ოპოზიციას? თავისუფალ ხალხს, რომლებსაც სურთ გააგრძელონ პროტესტი ევროპული მომავლისთვის.
სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს არ შეუძლია მომცეს კონკრეტული პასუხები. ამიტომაც ეს მოითხოვს ჩვენი ძალისხმევის გაზრდას. თუ დამატებითი ყურადღება არ იქნება საქართველოს საკითხზე ევროკავშირის მხრიდან, მაშინ აშკარაა, რომ ევროპა, დასავლეთი საქართველოს დაკარგვის პროცესშია. სამწუხაროდ, ქართული ოცნება და ამჟამინდელი მთავრობა იყენებენ ყველა იარაღს მდგომარეობის შესაცვლელად, რომ ამ ქვეყანას იერსახე შეუცვალონ. თავისუფალი მედიის და თავისუფალი სიტყვის გარეშე ეს ყველაფერი ბელორუსულ მოდელს ემსგავსება და სწორედ ამ მიმართულებით იმართება ქვეყანა." - განაცხადა ლანდსბერგისმა.