ბოჭორიშვილი-დანიგანის შეხვედრა - ოპოზიცია ამბობს, რომ რეჟიმი ივანიშვილის გადარჩენას ცდილობს

20.03.25 13:50
ბოჭორიშვილი-დანიგანის შეხვედრა - ოპოზიცია ამბობს, რომ რეჟიმი ივანიშვილის გადარჩენას ცდილობს

"ქართული ოცნების" ოპონენტები ეჭვობენ, რომ მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს ბიძინა ივანიშვილის შესაძლო დასანქცირების საკითხზე ესაუბრა. 

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, პეტრე ცისკარიშვილი ამბობს, რომ ოლიგარქის პარტიის მიზანია, ბიძინა ივანიშვილი როგორმე გადაარჩინონ ამერიკულ სანქციებს. 

შეერთებულ შტატებთან იმისათვის, რომ იმეგობრო და იპარტნიორო, უნდა გქონდეს ან გეოპოლიტიკური-სტრატეგიული საერთო მიზნები, რაც საქართველოს ბოლო პერიოდში აღარ აქვს, ან დემოკრატიულ კონტექსტში საერთო ღირებულებები და ფასეულობები, რაც ასევე "ქართულ ოცნებას" და თვითმარქვია ხელისუფლებას ნამდვილად არ აქვს.

შეერთებულ შტატებთან რა ინტერესიც შეიძლება ჰქონდეთ არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილი როგორმე სანქციებისგან გადაარჩინონ. წესით და რიგით, ბოჭორიშვილს უნდა ესაუბრა ჩვენი ქვეყნების სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ურთიერთობაზე, სამომავლო გეგმებზე, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ სწორედაც რომ ღირებულებითი თანხვედრა არც სტრატეგიულ-გეოპოლიტიკურ საკითხებში და არც დემოკრატიულ კონტექსტში არ აქვს საქართველოს ამერიკასთან, არ გამოვრიცხავ, რომ საუბარი შეხებოდა ვიღაც ინდივიდებს, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილს და მისი სანქციებისგან გადარჩენას. რაც დიპლომატიურ ეთიკაში ელჩს გააღიზიანებდა". - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა. 

კოალიცია "ძლიერ საქართველოში" კი ფიქრობენ, რომ ივანიშვილის თვითგამოცხადებული ხელისუფლება ცდილობს საკითხი ისე წარმოაჩინოს, რომ თითქოს, "ოცნებას" შტატებთან ურთიერთობის დალაგების რეალური სურვილი გააჩნია. 

გრიგოლ გეგელიას თქმით, "ქართული ოცნების" პირობებში ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობები ვერ განახლდება, რადგან მისივე განმარტებით, მთავარი ხელშემშლელი ფაქტორი ივანიშვილის რეჟიმის მიერ რუსეთისკენ აღებული კურსია. 

ახლა "ქართული ოცნების" ე.წ. ხელისუფლება, თვითგამოცხადებული რეჟიმი ცდილობს, რომ საქმე ისე წარმოაჩინოს, თითქოს, მათ გააჩნიათ რაიმე საერთო პრეზიდენტ ტრამპთან, მის ადმინისტრაციასთან და ვითომ მათი სურვილია ურთიერთობების გადატვირთვა. ამერიკის პოზიცია არის მკაფიო, რომ არსებული კურსის პირობებში ვერავითარ გადატვირთვას ადგილი ვერ ექნება." - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ. 

პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრს, თეონა აქუბარდიას მიაჩნია, რომ "ქართულ ოცნებას" ამერიკასთან ურთიერთობების განახლება ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით სჭირდება. 

ურთიერთობების განახლება ამერიკასთან ძალაუფლების შენარჩუნებისთვის სჭირდება, ეს რომ არ გამოსდით ამისი მაჩვენებელია საქართველოს ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებული პროცედურული პრობლემები, რომელიც აჩვენებს, რომ ელჩსაც კი ვერ ნიშნავენ შეერთებულ შტატებში, იმდენად მძიმე აქვს ვითარება ივანიშვილის სანქცირებულ რეჟიმს ამერიკასთან ურთიერთობების კონტექსტში". - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, 14 მარტს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

დიპლომატიური უწყების განმარტებით, ელჩმა დანიგანმა ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრს, პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები გააცნო.

19 მარტს ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრის შესახებ ისაუბრა. "ქართული ოცნების" პრემიერმა თქვა, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, რობინ დანიგანთან შეხვედრა მაკა ბოჭორიშვილის ინიაციატივით გაიმართა. 

მსგავსი სიახლეები